პროკურატურის ინფორმაციით,  ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები ამომრჩეველთა მოსყიდვაში მონაწილეობენ

პროკურატურის ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები ამომრჩეველთა მოსყიდვაში მონაწილეობენ

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა, რომლის განხორციელებაშიც  პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები მონაწილეობენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ფონდ „ქომაგის" მიერ დარეგისტრირებული  საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადმორიცხვის მრავალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი.

პროკურატურის განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოვლენილ იქნა პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ფონდ „ქომაგის" მიერ დარეგისტრირებული  საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე, ბოლო დღეებში უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადმორიცხვის მრავალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზეა ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემა, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობს პარტია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები. თანხების გადმორიცხვა ხდებოდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა  და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ისე, რომ თითოეული გადმომრიცხავი, თანხას ურიცხავს 5, 10 ან მეტ საქართველოში თანხის მიმღებ, ფონდ „ქომაგში" დარეგისტრირებულ პირს.

გადმომრიცხავი ფიზიკური პირები ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა, რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები არიან ვანო ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული პირები, რომელთაც არანაირი  კავშირი საქართველოსთან არ გააჩნიათ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს მოწმის სტატუსით გამოძახებული არიან აღნიშნული თანხების მიმღები პირები. მათი დაკითხვა იწარმოებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მათი სურვილის შემთხვევაში დაკითხვის პროცესს დაესწრებიან  ადვოკატები.

ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით თანხების მიმღებთა საბანკო ანგარიშების დაყადაღების  შესახებ.

აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.