გოგი ხუციშვილი: აზერბაიჯანი ერთდროულად ორ ფრონტზე საომარ ბრძოლას ვერ შეძლებს

გოგი ხუციშვილი: აზერბაიჯანი ერთდროულად ორ ფრონტზე საომარ ბრძოლას ვერ შეძლებს

ექსპერტი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განახლება არ მოხდება, მიუხედავად იმის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტამბულში და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ბრიუსელში, სამხედრო რიტორიკულ განცხადებებს აკეთებენ.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა ძალიან დაძაბულია, მოხდა სერიოზული ინციდენტებიც, სადაც ხალხი დაიღუპა. გარდა ამის, ყარაბაღში მუდმივად ხდება დაძაბულობის დონის შენარჩუნება. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც 2008 წლის აგვისტომდე საქართველო-ოსეთის საზღვარზე იყო. საინტერესოა ისიც, რომ ფართომასშტაბიანი ინციდენტი სწორედ ჰილარი კლინტონის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დროს დაემთხვა. აქედან გამომდინარე, ბევრმა ექსპერტმა გააკეთა დასკვნა, რომ ერთის მხრივ ეს შეიძლება ყოფილიყო ძალის დემონსტრირება და ყურადღების მიქცევის მცდელობა და მეორეს მხრივ, მართალაც სამხედრო ოპერაციისთვის მზადება. მეორე ვერსიასაც  ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა, საერთაშორისო ყურადღება ამ პრობლემის მიმართ არ ნელდება და სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს ძალიან სერიოზული გაფრთხილებებიც  აქვთ მიღებული საომარ ქმედებებთან დაკავშირებით“,-აცხადებს ექსპერტი.   

გოგი ხუციშვილი ამ ზაფხულს  სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დაწყებას გამორიცხავს იმიტომაც, რომ დაძაბულია ირან-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, აზერბაიჯანი კი ერთდროულად ორ ფრონტზე ბრძოლას ვერ შეძლებს.

„აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობა რთულდება. ირანში დღეისთვის დაახლოებით 20 მილიონი აზერბაიჯნელი ცხოვრობს, რომელიც შეიძლება ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ გართულდა ურთიერთობები აზერბაიჯანსა და ირანს შორის. აზერბაიჯანს ორ ფრონტზე მოქმედება ძალიან სერიოზულად გაუჭირდება. გამომდინარე აქედან, ნაკლები შანსია იმის, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ამ ზაფხულში საომარი მოქმედებები დაიწყოს. რეგიონში იმდენად დაძაბული ვითარებაა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან ნებისმიერი ქმედება ყარბაღის მიმართ, უკვე აღიქმება, როგორც დესტაბილიზაციის მცდელობა რეგიონში, მაშინ როდესაც ირანის პრობლემა არსებობს. ვფიქრობ, რომ ეს არის ორივე მხრიდან ძალის დემონსტრირების მცდელობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევის მცდელობა “,-აღნიშნავს ხუციშვილი.