თინა ხიდაშელი: დაკისრებული ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ გვაქვს შესაბამისად, პარტიის დაყადაღებაც მოსალოდნელია

თინა ხიდაშელი: დაკისრებული ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ გვაქვს შესაბამისად, პარტიის დაყადაღებაც მოსალოდნელია

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით,  „რესპუბლიკურ პარტიას“ ისევე როგორც კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, დაკისრებული ჯარიმის 2.383.072.55 ლარის გადახდის  შესაძლებლობა არ აქვს და შესაბამისად, ის პარტიების  დაყადაღებასაც  არ გამორიცხავს.

„ძალიან საინტერესო იქნება წინასწარ ვიცოდეთ, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას არარსებული ფულის ამოღებისა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფორმალურია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ  გადაწყვეტილებას  აუცილებლად გავასაჩივრებთ, თუმცა ვიცით, რომ  აპელაციაც იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს. ჩვენ ჩვეულ რეჟიში ვაგრძელებთ მუშაობას და იმას ვაკეთებთ, რასაც ხალხი ჩვენგან  ელოდება. ხელისუფლება კი, იმას აკეთებს, რაც ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაში დატოვებს.  ვნახოთ, ოქტომბერში  ამ ბრძოლაში საბოლოო ჯამში გამარჯვებული ვინ იქნება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება დიდი ხანია სამართალს და პოლიტიკურ რაციონალურ აზროვნებას გასცდა.  

„ხელისუფლების მორიგი ბოდვა ძნელი პროგნოზირებადია.  იმ ფონზე,  როდესაც „ქართუ ბანკში“ „ქართუ ჯგუფში“ და „პროგრეს ბანკში“  ბიძინა ივანიშვილის წილი ჯარიმის უზრუნველსაყოფად დააყადაღეს,  ხელისუფლება უკვე იმას გააკეთებს, რასაც სიზმარში ნახავს. პარტიის დაყადაღებაც მოსალოდნელია. დაველოდოთ მოვლენებს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები თბილისის საქალაქო სასამართლომ 2.383.072.55 ლარით დააჯარიმა.  კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, სასამართლომ კონტროლის პალატის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.