1922 წელს საქართველოში დაბრუნდა რუსეთში უკვე საყოველთაოდ აღიარებული ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი და სათავეში ჩაუდგა I ქართულ სახელმწიფო თეატრს, (დღევანდელი რუსთაველის თეატრი,) სადაც ძალზედ მნიშვნელოვანი რეპერტუარი შექმნა სანდრო ახმეტელთან ერთად.
1928 წელს მან შეკრიბა ნიჭიერი, ახალგაზრდა მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, ახალგაზრდა რეჟისორები და თეატრალური ტრადიციებით მდიდარ ქუთაისში II ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. ამ თეატრს ქუთაის-ბათუმის თეატრიც ეწოდებოდა, ვინაიდან იგი ბათუმშიც წარმოადგენდა თავის სპექტაკლებს. ბათუმში ჩატარდა პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერის" პრემიერა.
პირველ სეზონში დაიდგა ერნესტ ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", ბერნარდ შოუს "წმინდა ქალწული" , ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", შალვა დადიანის "კაკალ გულში", ვსევოლოდ კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს", კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტა", კარლო კალაძის "როგორ", პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი". აი, ამ რეპერტუარით წარსდგა თეატრი მაყურებლის წინაშე. მოსამზადებელი პერიოდი ისეთი დაძაბული და დამუხტული იყო, რომ უშანგი ჩხეიძე მას საბრძოლო მზადებას ადარებდა. თეატრმა ეს ბრძოლა მოიგო. წარმატებამ გაამართლა სპექტაკლის, , "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", ოპტიმისტური სათაური, ამიტომ გამარჯვება აშკარა იყო. მაყურებელი თბილისიდან ქუთაისში არა მხოლოდ პრემიერებზე, არამედ რიგით სპექტაკლებზეც ჩადიოდა .
1930 წელს თეატრმა პირველი გასტროლები ჩაატარა ხარკოვსა (იმ დროის უკრაინის დედაქალაქი) და მოსკოვში. საგასტროლოდ წაღებული ჰქონდათ "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", "როგორ", "ურიელ აკოსტა", "კაკალ გულში", 'თეთრები", "ხატიჯე", "ცხვრის წყარო". (ეს მხოლოდ მოსკოვში ითამაშეს) და თამარ ვახვახიშვილის "ხანძარი".
1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში შილერის "დონ-კარლოსის" დასადგმელად, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო პრემიერის გამოშვება, 17 აპრილს გარდაიცვალა.
მარჯანიშვილის ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს და ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაკრძალეს, ხოლო 1964 წელს მადლიერმა საქართველომ მას მთაწმინდაზე მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი. თეატრს 1933 წელს მიანიჭეს მისი სახელი, ხოლო 1966 წელს აკადემიურობა უბოძეს.
მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს სათავეში ჩაუდგნენ მისი უახლოესი მოწაფეები: უშანგი ჩხეიძე - სამხატვრო ხელმძღვანელი, შალვა ღამბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე - სარეჟისორო კოლეგიის წევრები; დოდო ანთაძე - დირექტორი; დავით კაკაბაძე - მთავარი მხატვარი.
78 წლის განმავლობაში თეატრში სპექტაკლებს დგამდნენ თავად მსახიობებიც – ვასო გოძიაშვილი, შალვა ღამბაშიძე, აკაკი კვანტალიანი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი ... მაგალითისთვის "ძველი ვოდევილები" დადგა ვასო გოძიაშვილმა, მთავარ როლსაც თავად ასრულებდა. ვინ მოთვლის რამდენი სეზონის განმავლობაში უკრავდა ტაშს მაყურებელი ამ სპექტაკლს.
თანდართულ ვიდეოში ნახავთ "მარჯანიშვილის თეატრის" მიერ დადგმული სპექტაკლ – "პიგმალიონის" ფინალურ სცენას.