შსს-მ „ქართული ოცნების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკავა

შსს-მ „ქართული ოცნების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკავა

შსს-მ კოალიცია „ქართული ოცნების" აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია დააკავა.

ამის შესახებ შესაბამისი განცხადება შსს-მ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ 2012 წლის 27 ივნისს, დაკავებულ იქნა კოალიცია „ქართული ოცნების" აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი გრიშას ძე პერტენავა (დაბადებული 1990 წლის 4 აგვისტოს) და პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ბონდოს ძე ფიფია (დაბადებული 1968 წლის 22 აგვისტოს).

აღნიშნული პირები ეჭვმიტანილი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ირაკლი პერტენავა და ზურაბ ფიფია ახორციელებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას „გადმობირებას".

ბაღათურიასთან საუბარში ზურაბ ფიფია, რომელიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი არის, ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ სთხოვს მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოწოდებას დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების თაობაზე.

კიდევ ერთი საუბრის დროს, ირაკლი პერტენავა ბაღათურიას ატყობინებს, რომ ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით მათ შემოტანილი აქვთ სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებში („ბრელოკი", გასაღები, ქამრის ბალთა...) ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.