გიორგი ვოლსკი: ეს ადამიანები, აფერხებდნენ ანაკლიის პროექტის განვითარებას, ქვეყანამ დიდი ზარალი მიიღო - ასეთი იყო თაღლითური სქემა და პოლიტიკაშიც იმავე შინაარსით მოქმედებს

გიორგი ვოლსკი: ეს ადამიანები, აფერხებდნენ ანაკლიის პროექტის განვითარებას, ქვეყანამ დიდი ზარალი მიიღო - ასეთი იყო თაღლითური სქემა და პოლიტიკაშიც იმავე შინაარსით მოქმედებს "ლელოს" ლიდერშიფი

"ლელოს" გულშემატკივრებს, მათი პარტიის წევრებს, უნდათ საკითხი ისე წარმოაჩინონ, რომ ეს მათ არ ეხება და ეხება მათ პარტნიორს. თურმე იმის საკითხი განიხილეს, თითქოსდა, ანაკლიის პორტის თემა შეიძლება იყოს ხაზარაძის და ჯაფარიძის გარეშე განხილული და შეფასებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ანაკლიის პორტის საქმეზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ ვაშინგტონის არბიტრაჟში დავის წაგებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, შეფასდა რეალობა, რომელიც ძალიან მძიმეა, ვინაიდან, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები აფერხებდნენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტს, პარალელურად კი არაერთი სპეკულაცია ვრცელდებოდა, რაშიც სახელმწიფოს ბრალეულობაზე იყო საუბარი და "ლელოს" ლიდერები დიდ თანხასაც ითხოვდნენ.

"შეფასდა მათი საქმიანობა. კონკრეტულად ვის რა ჯარიმა დაედო, ეს ერთი საკითხია, მაგრამ, მეორე და მთავარი თემა ის არის, რომ შეფასდა რეალობა, რომელიც არის ძალიან მძიმე და მწარე: ეს ადამიანები, გარკვეული დროის მანძილზე, ჯერ ერთი, აფერხებდნენ პროექტის განვითარებას, შემდეგ უკვე სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საკმაოდ სერიოზული პროცესები და გამომდინარე აქედან, ქვეყანამ უშველებელი ზარალი მიიღო. პოლიტიკური მანიპულაციები, პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანება, პარტიის შექმნა, თაღლითური სქემების წარმოდგენა - ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და წერტილი დაუსვა ჯერ ერთმა, შემდეგ მეორე საერთაშორისო არბიტრაჟმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ითხოვდნენ საქართველოსგან სერიოზული ჯარიმის გადახდას და კვლავ ამ პროცესის უკან დაბრუნებას, რომელიც ქვეყანას უქადდა უკან დახევას.

სახელმწიფო არათუ დამნაშავე არ არის იმაში, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი არ აშენდა, არამედ, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო. რამდენი სპეკულაციები მოვისმინეთ: განგებ არ აშენებენ, რუსეთის ინტერესებია, სახელმწიფოს უნდა გადაეხადა თანხები და არ იხდიან, პროექტს ხელს უშლიან - ეს ყველაფერი გაბათილდა და გამოჩნდა რეალობა, რომელიც არის ძალიან მწარე, დამაფიქრებელი. არსებობდა და დღემდე არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ქვეყანას უქადდა ძალიან სერიოზული პრობლემების შექმნას, უკვე შეუქმნა პრობლემები, მაგრამ, კიდევ უფრო მძიმე პრობლემების შექმნის მცდელობა ჰქონდათ. ასეთი იყო თაღლითური სქემა და პოლიტიკაშიც იმავე სისტემით და იმავე შინაარსით მოქმედებს პარტია "ლელოს" ლიდერშიფი." - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.