ბაგრატის ტაძრის განხილვა იუნესკომ 2013 წლისთვის გადადო

ბაგრატის ტაძრის განხილვა იუნესკომ 2013 წლისთვის გადადო

უკვე ცნობილია, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხის განხილვა 2013 წლისთვის გადაიდო. შესაბამისი ინიციატივით გერმანიის დელეგაცია გამოვიდა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობიდ დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, მესამე დღეა ინტენსიური განსჯის პროცესი მიმდინარეობს იუნესკოს სხდომაზე, სადაც არაერთი შეხვედრა შედგა ყველა ექსპერტთან და საექსპერტო ჯგუფებთან, რომელიც მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ქმედითია და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა პატრონობის საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ამომწურავად, კონსტრუქციულად და ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა  ერთიან პოზიციაზე დავმდგარიყავით და შევთანხმებულიყავით იმაზე, რომ ბაგრატის ტაძრის საზღვრები თუ კრიტერიუმები  ერთიანი განსჯით, ერთიანი ექსპერტიზით, მშვიდობიანად გავიაროთ და შესაბამისი ადექვატური ნომინაციაც ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისი თქმით, არის საკითხები და დასკვნები, რომელსაც არ ეთანხმებიან, თუმცა აღნიშნა, რომ  იმ საკითხში, რომ  ბაგრატში მიმდინარე სამუშაოებთან მიმართებაში დასკვნა ადექვატური უნდა იყოს, ამაში ყველამ ერთად დაუჭირათ მხარი.

„არ ვიჩქარებთ და 2013 წლისთვის მრავალი შეხვედრების, საქართველოში ჩამოსვლისა და ადგილზე დათვალიერების და პროექტის მრავალმხრივი განხილვის შემდეგ მივიღებთ სასურველ შედეგს“, - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

გადაწყვეტილება ბაგრატის ტაძრის საკითხის განხილვის შესახებ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა 36-ე სესიაზე მიიღო.