„დემოკრატიული მოძრაობა“: წამების საერთაშორისო დღეს საქართველო წამების მსხვერპლი უამრავი ადამიანით ხვდება

„დემოკრატიული მოძრაობა“: წამების საერთაშორისო დღეს საქართველო წამების მსხვერპლი უამრავი ადამიანით ხვდება

 „დემოკრატიული მოძრაობა“  ჩვენს ქვეყანაში წამების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს  სამძიმარს უცხადებს. პარტია ასევე  თანადგომას და თანაგრძნობას უცხადებს ყველა პოლიტპატიმარს და  გამძლეობას უსურვებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

„დემოკრატიულ მოძრაობაში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ერთადერთი, რამაც შეიძლება, საქართველო  არსებული რეჟიმის ტერორისაგან იხსნას,  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სოლიდარობა და რეალურად ოპოზიციური ძალების ერთობლივი, სწორად დაგეგმილი კოორდინირებული ქმედებებია.

როგორც პარტიაში აცხადებენ, სააკაშვილის მიერ გაცემულმა დანაშაულებრივმა ბრძანებამ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ, ქვეყანაში წამების მსხვერპლი ადამიანების რიცხვი კატასტროფულად გაზარდა.

„დემოკრატიულ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ  რაც დღეს საქართველოში ხდება,   არსებული რეჟიმის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის ლოგიკური შედეგია, რომელიც უსამართლობაზეა დაფუძნებული და საკუთარი მოსახლეობის დატერორებასა და დაშინებას ითვალისწინებს.

„პოლიცია, პროკურატურა და სასჯელაღსრულების დაწესებულებები აღნიშნული კურსის ძირითადი გამტარებლები არიან და მოქალაქეთა უპრეცედენტო დევნაში არიან ჩართული, რასაც აკანონებს რეჟიმის პირადი სასამართლო. ადამიანების მასობრივი წამება ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს მოაწყო, როდესაც მშვიდობიანი აქციის ათასობით მონაწილის წინააღმდეგ განახორციელა სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაცია, შემდეგ უკანონოდ დააპატიმრა და მთელი ღამის განმავლობაში უსასტიკესად აწამებდა უდანაშაულო ადამიანებს“, - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაში.

განცხადებაში განსაკუთრებით აღნიშნულია,  „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ 42 პოლიტპატიმარი, რომელთა უმეტესობა უსასტიკესი წამების მსხვერპლი გახდა, ვინაიდან მათ არ აღიარეს მოგონილი ბრალდებები და არ ითანამშრომლეს დამნაშავე რეჟიმთან.

„საქართველო პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო პატიმრების ყოველდღიური ყოფა კრიტიკულია და ამის დასტურია ბოლო ერთი წლის მანძილზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 150-მდე პატიმარი. სამწუხაროდ,  პოლიციაში და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში განხორციელებული წამების უპრეცედენტო ფაქტებზე თუმც საუბრობენ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მაგრამ რეაგირება ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან აშკარად არასათანადოა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას გააგრძელებენ.