„დემოკრატიული მოძრაობა“  მერეთში მომხდარ ინციდენტს ხელისუფლების მორიგ პროვოკაციად აფასებს

„დემოკრატიული მოძრაობა“ მერეთში მომხდარ ინციდენტს ხელისუფლების მორიგ პროვოკაციად აფასებს

"დემოკრატიული მოძრაობა" გმობს სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტს და მას ხელისუფლების მორიგ პროვოკაციად აფასებს. ამის შესახებ პარტიამ დღეს საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული მორიგი დანაშაულებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებაა, რომელიც მიზნად ქვეყანაში ტოტალური შიშისა და ტერორის დამკვიდრებას ისახავს.

„2012 წლის 26 ივნისს სოფელ მერეთში მომხდარი პროვოკაცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ არსებული ხელისუფლება მისთვის ჩვეული პროვოკაციებითა და ძალადობით აპირებს ბრძოლას პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ. მისთვის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მატერიალური ტერორი, ადამიანების დამცირება, შეურაცხყოფა, უკანონოდ დაპატიმრება ჩვეულ მოვლენად იქცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯები ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით არის განპირობებული და აღინიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ გმობს მერეთში დაგეგმილ და განხორციელებულ პროვოკაციას.

„სწორედ ჩვენ განსაკუთრებით კარგად გვესმის, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს სააკაშვილის ხელისუფლების უზნეობა, რომელიც დიდი ხნის წინ გვაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი. ჯერ კიდევ 2010 წლის 19 აგვისტოს, ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და პარტიის ლიდერებს ხელისუფლებამ „ზონდერ ბრიგადები“ დაახვედრა, გზა გადაკეტა და ქვები დაუშინა. მაშინ არც დიპლომატიურ კორპუსს, არც მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამწუხაროდ არც ოპოზიციას ამ ამორალურ პროვოკაციასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. სწორედ ასეთი „სოლიდარობის“ შედეგია ის, რომ სააკაშვილი და მისი კრიმინალური გუნდი ისევ ხელისუფლებაშია და ისევ ბედავს მსგავსი პროვოკაციების მოწყობას“, - აღნიშნა შესაბამის განცხადებაში.

დემოკრატიული საქართველო გაზგასმით აღინიშნავს, რომ მერეთში მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სოლიდარობისა და ოპოზიციის კოორდინირებული ქმედებების გარეშე რეჟიმი თავს შეუბოჭავად გრძნობს და აუღელვებლად ანხორციელებს საუთარ მიზანს - ნებისმიერი მეთოდებით გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.