ჰოლდინგური კომპანია

ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5"-ის და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს ჯარიმა არ გადაიხადოს

ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5"-ის და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი, ბიზნსმენი დავით ბეგიაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. იგი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ივანიშვილს მოუწოდებს, არ გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დღევანდელი „მართული“ სასამართლოს მიერ არაერთი დაუსაბუთებელი ცრუ ბრალდების შემცველი გადაწყვეტილებებია მიღებული და აღნიშნა, რომ მათ შორის სწორედ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაცაა.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში დიდი ხანია, მართლმსაჯულება აღარ არსებობს. ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი აზრის, მედიისა თუ ბიზნესის მათთვის არასასურველი წარმომადგენლების მიმართ ბრმა იარაღად უსამართლობას იყენებს. დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, ცრუ ბრალდებები თუ დარღვეული კანონები - ეს ის აქტივობებია, რომელსაც დღევანდელი მართული "სასამართლოს" წარმომადგენლები ხელისუფლების შეკვეთით გვიპირისპირებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ, ესეც მორიგი შეთითხნილი სახელისუფლებო ფარსია. მოუვწოდებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უარი უთხრას უსამართლობას, არ გადაიხადოს ჯარიმა", - ნათქვამია ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღის ბოლოს ეწურება.

 კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განისაზღვრა.