ლტოლვილთა ყოველწლიური რეგისტრაცია დღეიდან იწყება

ლტოლვილთა ყოველწლიური რეგისტრაცია დღეიდან იწყება

საქართველოში რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილთა ყოველწლიური, სავალდებულო რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება. რეგისტრაცია „ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის  ბრძანების საფუძველზე იწარმოებს.

უწყების ინფორმაციით, რეგისტრაციის ჩატარების ვადები და ადგილები ორ ეტაპად დაიყოფა.

Prima facie”-ს პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებმა რეგისტრაცია 2012 წლის 25 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე სამინისტროს დროებითი წარმომადგენლობის შენობაში უნდა გაიარონ.

ხოლო "Prima facie"-ს პრინციპითა და ინდივიდუალურად მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები 2012 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში უნდა დარეგისტრირდნენ.

ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრაციას ზემოაღნიშნულ ვადებში და მისამართებზე საპატიო მიზეზით ვერ გაივლიან, ვალდებულები არიან 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით სამინისტროს შენობაში მივიდნენ. 


რეგისტრაცია "ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ" საქართველოს კანონისა და მინისტრის, კობა სუბელიანის N 53-ე ბრძანების შესაბამისად ხორციელდება