[სანტიაგო გაუჩო]
მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.
მსახიობი ჯემალ მონიავა იხსენებს: კოტე მარჯანიშვილის საიუბილეო საღამოზე ქალბატონმა ვერიკომ ხელი მოიტეხა. მთელი დარბაზი ერთი საათის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ელოდა ვერიკო ანჯაფარიძის საავადმყოფოდან მობრუნებას. ქალბატონი ვერიკო მობრუნდა და განაგრძო თამაში თაბაშირიანი ხელით. ვინ იცის, რა აუტანელი ტკივილებით დაასრულა სპექტაკლი ისე, რომ მაყურებელს მის სახეზე ტკივილის ჩრდილიც არ დაუნახავს. მსახიობი გმირულად „ითმენდა“.
ასეთ შემთხვევას იგონებს ოთარ მეღვინეთუხუცესიც: „მახსოვს, „ურიელ აკოსტას“ წარმოდგენაზე ხელი მოიტეხა. სასწრაფო გამოიძახეს, სახელდახელოდ შეუხვიეს ხელი და ისევ სცენაზე გავიდა. ბოლო მოქმედება ასე ჩაატარა. სცენაზე ნატრობდა სიკვდილს. ამიტომაც არ მოეშვა უკანასკნელ წუთებამდე საქმეს. სულ უკმაყოფილო იყო, ხმა ამოიღეთ, გაინძერით, რას გაჩუმებულხართო, - ხშირად გვეუბნებოდა. როგორც წიწილებს კრუხი, ისე დაგვტრიალებდა თავს“.
ომის დაწყებისას ქართულ მხატვრულ ფილმს „გიორგი სააკაძეს“ იღებდნენ განჯაში. იქ დიდი ექსპედიცია მოეწყო. უკვე აქაც იყვნენ ევაკუირებულები. ერთ-ერთი მათგანი, მეტად ჩია ტანის კაცი, სასადილოში ოფიციანტად მუშაობდა. აქ ფილმში მონაწილე მსახიობები დაჯავშნულ-შეიარაღებულნი შემოდიოდნენ. ზურაბ ლეჟავამ, რომელიც გიორგი სააკაძის ვაჟს თამაშობდა, შეამჩნია, ოფიციანტს ძალიან ეშინოდა ამ ველური მეომრებისა. კოხტა ყარალაშვილი, გიორგი შავგულიძე, მიტო სუხიტაშვილი და ზურაბ ლეჟავა ერთად სადილობდნენ. ერთხელ ზურაბი უფროს მეგობრებს „დაეჭყანა“ და პატარა ოინზე დაითანხმა. ალბათ, იუარებდნენ, რომ სცოდნოდათ, რა შედეგი მოყვებოდა.
ევაკუირებული ოფიციანტი მათაც ემსახურებოდა, ყოველთვის მოშორებით იდგა ხოლმე. პირველ ხანებში კი მათ შორიდან სთხოვდა, დანახარჯი მაგიდაზე დატოვეთო.
„სადილის შემდეგ ოფიციანტს მოუხმეს. ზურაბმა ფულის თვლით ფეხზე ადგომა დაიწყო, სხვებმაც მიბაძეს, აღარ გათავდა ეს ადგომა, ოფიციანტმა თვალი მიაყოლა ოთხ დევივით ნაბდიან ვაჟკაცს, რომელსაც სიმაღლე ერთი-ორად მიემატა, გაფითრდა და მაგიდაზე გულწასული გადაწვა. აი, წყალი, აი ფეხზე წამოყენება. სუხიტაშვილმა ლამის ხელში აიყვანა.
ძლივს მოეგო გონს. ოთხი დევი რომ დაინახა, წამოიკნავლა, მობრძანდით, მკვლელებოო. როგორც იყო, დააშოშმინეს. ძალიან უჭირდათ იქ მყოფთ სიცილის შეკავება. მიზეზი გულწასვლისა მაშინვე გაირკვა. ოფიციანტის მოსვლამდე ზურიკოს თხოვნით ყველანი სკამზე დაცუცქდნენ. ფულის მიცემისას კი ნელ-ნელა დაიწყეს წამოდგომა და ოფიციანტს შიშისაგან თვალი დაუბნელდა“.
რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იგონებს: „ერთხელ თბილისში ჩამოსული ცნობილი რუსი მსახიობი ალექსანდრე პოპოვი ესწრებოდა სპექტაკლს „კოლმეურნის ქორწინება“. სპექტაკლი რომ დამთავრდა, მთხოვა, გამეცნო ხარიტონის როლის შემსრულებელი მსახიობი. რა თქმა უნდა, წავიყვანე გიორგის ოთახისკენ. სანამ მასთან ავედით, უკვე გრიმი მოეხსნა და წელამდე შიშველი ონკანს შედგომოდა. იბანდა. პოპოვს დავანახე გიორგი. მან შეხედა ამ ათლეტური აღნაგობის ულამაზეს მამაკაცს, საერთო რომ არაფერი ჰქონდა ხარიტონთან. გაოცებული მომიბრუნდა და მითხრა: - ხარიტონის ნახვა მინდა, ხარიტონისო. მეც ვუთხარი: ეს გახლავთ-მეთქი ხარიტონი. პოპოვის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მივიდა გიორგისთან, მოეხვია და სველი გულმკერდი დაუკოცნა. შემდეგ კი უთხრა: - ან თქვენ უნდა ჩაგიყვანოთ მოსკოვში, ან ჩვენი თეატრი უნდა ჩამოვიყვანო თბილისში, რომ გავაგებინო, რას ნიშნავს კომედიური მსახიობი“.
მსახიობი დოდო ჭიჭინაძე გიორგი შავგულიძესთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა:
„პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინებაში“ მოულოდნელად აღმოვჩნდი. ჩამაცვეს მეღორე ქალის ტანსაცმელი. გამიკეთეს გრძელი ცხვირი.
- კულისებში იდექი. მე დაგიძახებ – ვერიჩკა! შენ შემოვარდი, - მითხრა ჟორა შავგულიძემ.
- როდის გავდივარ სცენიდან? – ვეკითხები.
- როცა ერთ ადგილას გიპწკენ, - მიპასუხა. შევედი სცენაზე. ჟორა მეკითხება.
- ღორმა რამდენი გოჭი გააჩინა?
- ოცდათექვსმეტი.
- ოცდათექვსმეტი? – გაკვირვებული მეკითხება ჟორა. მერე მიბწკინა. დამავიწყდა წინასწარი მოლაპარაკება და ვიკივლე – რას შვრები?! – ატირებული გავვარდი კულისებში. მაყურებელი კი იცინოდა“.
ტრისტან ყველაიძესთან ერთად გია ფერაძე მონაწილეობდა სპექტაკლში „თავისუფალი თემა“, ტრისტანის ქალიშვილის მეგობარ ჟურნალისტს თამაშობდა. სცენაზე თხუთმეტწუთიანი დიალოგი ჰქონდათ. ერთხელ გია მეგობრებმა პირდაპირ სუფრიდან მიიყვანეს თეატრში, უთხრეს, რომ მანქანაში დაელოდებოდნენ. გია სცენაზე გავიდა, ტრისტანს ეკითხება – გამარჯობათ, უკაცრავად, ირინა სახლშია?
- არა, შვილო, მობრძანდით, მალე უნდა მოვიდეს, - შეიპატიჟა ტრისტანმა და ჟურნალისტთან სასაუბროდ მოემზადა.
- არა უშავს, მაშინ წავალ და სხვა დროს გამოგივლი, - მიაძახა გიამ და სწრაფად გავიდა სცენიდან. გაოგნებულ ტრისტანს დიდი ფანტაზიის მოშველიება დასჭირდა, დიალოგი მონოლოგად რომ ექცია და სპექტაკლი არ ჩაეშალა.
1999 წლის 10 ნოემბერს ხელოვნების მუშაკთა სახლში კარლო საკანდელიძის შემოქმედებით საღამოზე მისი წამყვანი, კოტე მახარაძე იგონებდა:
„ერთხელ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა „მოტრაბახეთა კლუბი“, სადაც გაერთიანებული ვიყავით ერთმანეთზე უარესი მატყუარები. ერთხელ კამათისას ვიღაცას წამოსცდენია, რომ დიდი ლოქო დაიჭირა, სოსო ლაღიძეს კი უთქვამს, ერთხელ იმხელა ლოქო დავიჭირეთ, ცხენზე გადავკიდეთ და კუდი ერთ მხარეს ეთრეოდა მიწაზე, თავი მეორე მხარესო. მაგრამ თურმე კარლო მხოლოდ ჩაიცინებდა და ხმას არ იღებდა. როდესაც მისი რიგი დამდგარა, ისეთი ტყუილი უთქვამს, რომ ბიჭები სიცილით დახოცილან. იგი ამტკიცებდა, ჩემი თვალით ვნახე, მდინარის ნაპირას წყლის დასალევად ჩასული კამეჩი ლოქომ როგორ გადაყლაპაო“.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იხსენებდა:
„რუსთაველის თეატრში დაიდგა არაჩვეულებრივი სპექტაკლი „ქუთათურები“, სადაც მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებდა. ისეთი შთამბეჭდავი იყო ამ როლით იპოლიტე, რომ მაყურებელთან ერთად ჩვენ, პარტნიორებიც ვუკრავდით ტაშს სპექტაკლის მსვლელობისას.
იპოლიტე კულისებიდან ცეკვა-ცეკვით შემოდიოდა და სუფრას ვუსხდებოდით. ლხინის სცენა განსაკუთრებული აზარტით სრულდებოდა. ერთხელ დეკორატორებმა ლიმონათის ნაცვლად, სპექტაკლზე ღვინო ჩაგვისხეს დოქებში, ვნახე ჭაშნიკი და ვაა – ღვინოა! იპოლიტემაც დაიგემოვნა და ათწუთიანი ლხინის სცენა ოც წუთზე გადაიჭიმა. ანიშნებენ, დაამთავრეო. – აწი დავდექი ქეიფის ხასიათზე და გვაცალეთ, ბატონოო, - უპასუხა იპოლიტემ. მაყურებელიც რას კარგავდა? – უყურებდა სპექტაკლის გაგრძელებას ექსპრომტად და კარგად ხალისობდა. მერე ცეკვით გავიდა კულისებში და არაერთხელ მოიპატიჟა თავის დაკვრით ჩვენი გრიმიორი. ისიც შემოჰყვა ცეკვით და თეთრხალათიანი გრიმიორი გააცნო მაყურებელს. ესეც ჩვენი შეფ-პოვარია და იცნობდეთო. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ რეჟისორმა უსაყვედურა გრიმიორს, შენ რაღამ გაგაგიჟა, რატომ შემოხვედი ცეკვით, შენ ხომ ფხიზელი იყავიო? იმანაც იმართლა თავი, იპოლიტეს, ცოცხალ ლეგენდას, ვერ გავუბედავდი უარის თქმას და გაწბილებასო“.