„მეცხრე არხი“ სატელიტური ანტენის დამონტაჯებას საკუთარ თავზე იღებს. „მეცხრე არხის“ დირექტორის კახა ბექაურის განცხადებით, ყველა ტელევიზიას აქვს საშუალება საკუთარი დაფარვის ქსელის გაფართოებაზე თვითონ იზრუნოს და შესაბამისად, აღნიშნულზე ზრუნვას იწყებენ.
„სატელიტურ თეფშებს, ტელევიზიის დაფარვის ზონის გაფართოების მიზნით, რათა ტელევიზიამ თავისი სიგნალის მიღების არეალი გააფართოვოს მოსახლეობას დავუმონტაჟებთ. ნებისმიერი ტელევიზია სიგნალი, რომ მოსახლეობამდე მივიდეს ამაზე ზრუნავს. ვისაც სხვადასხვა სიხშირეები აქვს სხვა ტექნოლოგიებით ზრუნავს, ჩვენ სატელიტური სიხშირე გავქვს და ერთ - ერთი საშუალება მოსახლეობამ, რომ ჩვენი სიგნალი მიიღოს სატელიტური თეფში და მიმღებია“, - განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმით, ძნელი სათქმელია შეიძლება თუ არა ტელევიზიის ხელმძღვანელების ამ მოქმედებამ ხელისუფლების თუ სხვადასხვა ინსტიტუტების გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და მხოლოდ იმ საქმეს გააკეთებენ რისი უფლებაც აქვთ.
„თუ უკანონობას ჩაიდენს ვინმე ვინმეს მიმართ, ეს ჩვენს ქვეყანაში გასაკვირი არაა“, - განაცხადა ბექაურმა.
რაც შეეხება, „გლობალ ტვ“-ის ირგვლის მომხდარს, ბექაური გაუგონარს უწოდებს.
„თეფშების დაყადაღება გაუგონარი რამაა. მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ შავი ნაჭრით თვალების ახვევის მცდელობაა, რომ სიმართლე არ დაინახონ“, - განაცხადა ბექაურმა.