ფონდ  „ქომაგისა“და ბიძინა გიორგობიანის   სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 27 ივნისს გამოცხადდება

ფონდ „ქომაგისა“და ბიძინა გიორგობიანის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 27 ივნისს გამოცხადდება

კონტროლის პალატის წინააღმდეგ ფონდ „ქომაგის“ სარჩელის განხილვა გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლო ბიძინა გიორგობიანის საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილებას 27 ივნისს გამოაცხადებს.

„ქომაგის“ ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დასრულდა. ასევე მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო განხილვაზე  კონტროლის პალატის წარმომადგენელმა გიორგი ამირანაშვილმა სასამართლოს ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ 52-გვერდიანი მტკიცებულებების პაკეტი წარუდგინა. რომლის გასაცნობადაც მოსამართლემ ადვოკატებს მოთხოვნილი 3 საათის ნაცვლად ნახევარი საათი მისცა.

ცნობისთვის, ფონდი „ქომაგი“ კონტროლის პალატის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა გიორგობიანის მიერ 90 000 ევროს ჩარიცხვის შემდეგ კონტროლის პალატამ ფონდ „ქომაგის“ ანგარიშები დააყადაღა.

კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა გიორგობიანი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის სამართალდამრღვევად ცნო.

გიორგობიანი კონტროლის პალატას ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფონდ „ქომაგს“ შემოწირულობა გერმანულმა ფონდმა „Osteuropa - Medien & Gesselschaft“–მა გადაურიცხა და არა მან.

„როგორ გადმოვრიცხავდი თანხას პოლიტიკური მიზნებისთვის, როდესაც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ საქართველოში და არც ის ფონდია პოლიტიკური პარტია, რომელსაც თანხა გადმოვურიცხე.

შემოწირულობა განახორციელა გერმანულმა ფონდმა „Osteuropa - Medien & Gesselschaft“ და მე ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვარ. ასე რომ, მე არ განმიხორციელებია პირადი შეწირულობა, თუნდაც იმ მარტივის მიზეზის გამო, რომ ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.

გერმანიაში არსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას მე არ განვსაზღვრავ ერთპიროვნულად. ფონდი დაფუძნებულია რამდენიმე ადამიანის მიერ, მათ ვინაობის გამხელა მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი.

რაც შემეხება მე, გერმანული კანონმდებლობით განსაზღვრული „Treuhandstiftung“- (“სანდო პირის ფონდის“), კანონის საფუძველზე და დამფუძნებელთა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვარ როგორც - „სანდო პირი“.

ფონდი რეგისტრირებულია ასევე ფინანსურ და საგადასახადო უწყებაშიც და მოქმედებს გერმანული კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩემი გვარი კი ტრანზაქციის შესრულებისას ფიგურირებს როგორც ფონდ „Osteuropa - Medien & Gesselschaft“ აღმასრულებელი დირექტორის გვარი, რომელმაც შეასრულა ფონდის გადაწყვეტილება“, - აცხადებს გიორგობიანი.