ირაკლი მელაშვილი: ეტყობა ამერიკელები კერძო ბიზნესის დაცვაში  აკაკი მინაშვილის სიმაღლეზე ასული არ არიან

ირაკლი მელაშვილი: ეტყობა ამერიკელები კერძო ბიზნესის დაცვაში აკაკი მინაშვილის სიმაღლეზე ასული არ არიან

კამპანია „ეს შენ გეხებას“ დღეს საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უფლება მისცა მოსახლეობაში 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების პროცედურა დაიწყოს.

„ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებულია "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ე.წ. მასთ ქერს(მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტს) შეეხება.   

„ეს შენ გეხებას“ წევრმა ირაკლი მელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ხელმოწერებს ძალიან სწრაფად შეაგროვებენ და ივლისის დასაწყისში პარლამენტს წარუდგენენ, რადგან ივლისშივე მოესწროს კანონპროექტის განხილვა.

„იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება შედგება და ინფორმაცია მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება ხელისუფლების პოზიციაში. ახლა, უმთავრესი  ამოცანა ხელმოწერების შეგროვებაა“, - აღნიშნა ირაკლი მელაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კერძოდ აკაკი მინაშვილი  „მასთ ქერის“ პრინციპის განხორციელებას არ ეთანხმება, რადგან მას კერძო ბიზნესში ჩარევად მიიჩნევს.

„ეტყობა ამერიკელები არ  არიან აკაკი მინაშვილის სიმაღლეზე ასული კერძო ბიზნესის დაცვაში. ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ასე არ შეიძლება ლაპარაკი. ეს არგუმენტი არ არის“, - აღნიშნა მელაშვილმა. მისივე თქმით, პრობლემა ის არის, რომ რეგიონებში მოსახლეობამ მიიღოს ყველა არხისგან ინფორმაცია.

„ჩვენ ვთავაზობთ „მასთ ქერს“, მაგრამ ჩვენ ფორმულირებებზე აჩემება არა გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ რეგიონის მოსახლეობამ სხვადასხვა არხებს უყუროს. ეს პრობლემა უნდა გადავჭარათ. „მასთ ქერის“ პრინციპი უნივერსალური პრინციპია ამ პრობლემების გადასაჭრელად, რომ ეს ტელევიზიები რეგიონებში დავუშვათ. სულ არ მაინტერესებს ამას მაინც და მაინც „მასთ ქერი“ ერქმევა და თუ „მასთ ოფერი“. რა ფორმულირებითაც უნდა იმ ფორმულირებით მოხდეს, - აღნიშნა ირაკლი მელაშვილმა.