კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების სააპელაციო სარჩელის განხილვა სასამართლომ 15 ივნისს დაიწყო.
წინა პროცესზე მხარეებმა მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგინა და აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მისი გაუქმება შეუძლია.
თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აპელანტი მხარის განცხადებები კანონთან შეუსაბამობაშია და გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კანონის საფუძველზეა და კანონით მკვეთრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებშია მიღებული.
ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ადვოკატები შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე, არჩილ კბილაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი იცავენ, პრეზიდენტის მხარეს კი წარმოადგენენ თინათინ სირაძე, ჟანა ქოიავა და გიორგი გაბრიელაშვილი.
საქმეს იხილავენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თეა ძამისტარაშვილი, ირაკლი შენგელია და ქეთევან დუგლაძე.
სააპელაციო განხილვა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.