პატრიარქის ბრძანების სრული ტექსტი

პატრიარქის ბრძანების სრული ტექსტი

[for.ge]

ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებაზე მისმა უწმინდესობამ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.  for.ge გთავაზობთ პატრიარქის ბრძანების სრულ ტექსტს, რომელიც საპატრიარქომ მოგვაწოდა:

ბრძანება N102

სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი

16 ივნისი, 2012 წელი

ვინაიდან მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით, ვბრძანებ:

1.ა.წ. 18 ივნისიდან დროებით შეჩერდეს ტაძრის დასავლეთის მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები;

2.დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს მუდმივად მოაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე;

3.ეთხოვოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან თანამშრომლობით მოახდინოს ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, რათა შემდგომ ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით გაგრძელდეს სარესტავრაციო სამუშაოები;

4.დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნების, ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს, განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნულ სამუშაოებზე;

5.ბრძანების შესრულების ზოგადი კონტროლი განახორციელოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი).

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი