თედო კობახიძე: პატიმრის სიცოცხლეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება

თედო კობახიძე: პატიმრის სიცოცხლეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება

ადვოკატ თედო კობახიძის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარ ილგარ მამედზადეს სიცოცხლეს,  ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება.

კობახიძის თქმით, 12 ივნისს ილგარ მამედზადეს ორი ოპერაცია თიაქარ-ბადის პლასტიკა ბადის ინპლანტით და ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ჩაუტარდა და  პატიმარს ჯერ რეაბილიტაციის პროცესი არ გაუვლია, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უპირებენ.

ადვოკატი ამბობს, რომ მამედზადე თავს შეუძლოდ გრძნობდა და მას ოჯახის ხარჯებით სამედიცინო გამკვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ პატიმარს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტს  16 მაისს შესაბამისი თხოვნით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ამას მოჰყვა მეორე განცხადება, სადაც დასაბუთებული იყო, რომ სასწრაფო სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მამედზადეს სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა და ამჯერად ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. პატიმარი 11 ივნისს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ადვოკატი აცხადებს, რომ ცენტრში მკურნალობის ხარჯებს მთლიანად პატიმრის ოჯახი ფარავს და ეს იმიტომ კეთდება, რომ ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო და შემდგომი გართულებები არ ყოფილიყო.

„ოპერაციის შემდეგ ძალიან მალევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თითქოს საბადრაგო სამსახური აპირებდა ილგარ მამედზადე პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვენა. დღეს კი,   პატიმრის დედისგან გახდა ცნობილი, რომ საბადრაგო სამსახურს სასჯელაღსრულების სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ითხოვენ, რომ ილგარ მამედზადე გადაყვანილი იყოს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დავით ტატიშვილის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორიც და მამედზადეს მკურნალო ექიმი თეიმურაზ ბეშკენაძეც აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პატიმრის ცენტრიდან გადაყვანა არ შეიძლება და აუცილებელია, რომ კიდევ მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში პატიმარმა ცენტრში მკურნალობა განაგრძოს“, -განაცხდა კობახიძემ.

მისი თქმით,  ექიმების პოზიციის მიუხედავად, საბადრაგო სამსახურს გამუდმებით ურეკავენ სამინისტროდან და პატიმრის გადაყვანას ითხოვენ.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ექიმები ილგარ მამედზადეს ტატიშვილის ცენტრიდან გადაყვანაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებდნენ.

ადვოკატი ექიმებზე ზეწოლის განხორციელებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.