„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას რაიონების მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესში ხელშეწყობისკენ მოუწოდებენ

„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას რაიონების მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესში ხელშეწყობისკენ მოუწოდებენ

პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ფოთში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და გაზიფიცირების საკითხებზე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურნენ. ამ თემაზე „ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ დღეს პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.

როგორც კალანდაძემ განაცხადა, მოსახლეობას გაზის საკუთარ ოჯახებში შეყვანის საფასურის ერთბაშად გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. „სოკარი“ და „იტერა“ კი, რომლებიც მონოპოლისტი კომპანიები არიან და რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების სტანდარტებს და ფასებსაც დამოუკიდებლად აწესებენ, გაზის მრიცხველებზე მოსახლეობას დაახლოებით 500-600 ლარს ახდევინებს, მაშინ როცა მათი ღირებულება 120 ლარია.

„ამ პროცესზე სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად არანაირი მონიტორინგი არ ხორციელდება. ამის  გამო რაიონებსა და სოფლებში ოჯახების უმრავლესობა გაზიფიცირების საფასურს ვერ იხდის.  გაზის ოჯახში შეყვანას მხოლოდ ის ოჯახები ახერხებენ, ვისაც „პატრონი“ და ფულის გამომგზავნი ჰყავთ თბილისში ან საზღვარგარეთ. ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში  ამ საკითხზე არ რეაგირებდა და მას მხოლოდ დღეს გაახსენდა, რომ მოსახლეობას სახლებში გაზი ვერ შეყავს“, - განაცხადა კალანდაძემ.

მემარჯვენეებს მიაჩნია, რომ თემის აქტუალობიდან გამომდინარე ხელისუფლება მხოლოდ ფოთში გაკეთებული განცხადებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ მიიღოს მათი კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც მათი თქმით, რეალურად შეუწყობს ხელს რეგიონებში მოსახლეობამ ხელსაყრელი პირობებით შეიყვანონ გაზი საკუთარ  სახლებში. ამ მიზნით პარტია გარკვეულ ალტერნატივებს სთავაზობს ხელისუფლებას.

„აუცილებელია შეიქმნას მოსახლეობის სახლებსა და ბინებში გაზის შეყვანის რეალურთან მიახლოვებული ერთიანი სტანდარტი და ერთიანი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც სავალდებულო იქნება როგორც „სოკარისთვის“ და „იტერასთვის“, ასევე გაზგამანაწილებელი სხვა კომპანიებისათვის; შემუშავდეს სახლებსა და ბინებში გაზის შეყვანის ღირებულების გრძელვადიანი განვადების სისტემა, ან აღნიშნული თანხების ასახვა მოხდეს გაზის ერთიან ტარიფში; და ასევე სახელმწიფომ გასცეს სახელმწიფო გარანტია, რათა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა უზრუნველყონ საერთაშორისო სესხის აღება და მოსახლეობის ინდივიდუალური გაზიფიცირების და გაზის მრიცხველის თანხები საკუთარ თავზე აღება“, - აღნიშნეს ბრიფინგზე.