გიორგი გოდაბრელიძე:  ჩვენსა და ივანიშვილს შორის ის განსხვავებაა, რომ ის საუბრობს, ჩვენ ვაკეთებთ

გიორგი გოდაბრელიძე: ჩვენსა და ივანიშვილს შორის ის განსხვავებაა, რომ ის საუბრობს, ჩვენ ვაკეთებთ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი გოდაბრელიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი დაზღვევასთან დაკავშირებით განცხადებებს ჰაერზე აკეთებს.

„არამგონია, რომ ეს სწორი განცხადება იყოს. უნდა ვნახოთ როგორია სადაზღვევო პაკეტი, რაზეც ივანიშვილი საუბრობს. რას ითვალისწინებს ეს პაკეტი,  ან რას ანაზღაურებს და რა რისკებს ამცირებს“, - აღნიშნა from.ge-სთან საუბარში გოდაბრელიძემ.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

გიორგი გოდაბრელიძის თქმით, სანამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ შეიქმნებოდა და ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში წავიდოდა, ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო და არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არასდროს უთქვამს, რომ ჩვენი მიზანია ნახევარი საქართველო დაზღვეული იყოს ან ნახევარ საქართველოში იყოს კარგი სიტუაცია. ჩვენი პროგრამა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა“, – აღნიშნა გოდაბრელიძემ და დაამატა, ამის საუკეთესო საშუალება არის დაზღვევა.

„ჩვენსა და ივანიშვილს შორის ის განსხვავებაა, რომ ის საუბრობს, ჩვენ ვაკეთებთ“, – აღნიშნა გიორგი გოდაბრელიძემ.

მისივე თქმით, 3 წლის წინ როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ დაზღვევაზე საუბარი დაიწყო, ზოგიერთი ოპოზიციონერი იცინოდა და ამბობდა, რომ ეს მიუღწევადია,  დღეს კი „ეს მიღწევადი ყოფილა და ყველა ამაზე საუბრობს“.