კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ოზურგეთში გუშინდელი აქცია ყველა დროის ყველაზე დიდი აქცია იყო გურიაში. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა და გურულებს აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ფანჯიკიძის თქმით, ოზურგეთში გუშინდელმა აქციამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.
„გუშინდელი აქცია იყო ძალიან სასიამოვნო აქცია, იყო ძალიან ბევრი ადამიანი, წვიმამაც კი მოიცადა და აქციის დასრულების შემდეგ დაიწყო. ყველა აღნიშნავდა, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის თქმით, გუშინდელი დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მაჟორიტარების დასახელება მოხდა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი თავიანთ აქტიურ საქმინობას დღეიდან შეუდგებიან.
„ასევე დავასახელეთ მომდევნო აქციის გამართვის თარიღი და ადგილი. ეს იქნება 1 ივლისს მცხათა-მთიანეთში, თუმცა კონკრეტულად ამის თაობაზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ”, - დასძინა ფანჯიკიძემ.