დღეს, 18 ივნისს ლეგენდარული სერ პოლ მაკარტნი იუბილეს აღნიშნავს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ „ბითლზის“ ერთ-ერთი, დამფუძნებელი, უბერებელი სიმღერების ავტორი, ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი პოლ მაკარტნი უკვე 70 წლის გახდა.
როკ-მუსიკის ცოცხალი ლეგენდა საკუთარ იუბილეებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ბრიტანელი ჟურნალისტების თქმით, მუსიკოსი დღევანდელ დღის რამე განსაკუთრებულად აღნიშვნას არ აპირებს. ის დაბადების მრგვალ თარიღს ახლობლების წრეში, მეუღლესა და ხუთ შვილთან ერთად შეხვდება.
„ამ დღეს ოჯახთან ერთად გავატარებ. დაბადების დღის აღნიშვნა ასე უფრო მომწონს, არ ვაპირებ რამე გრანდიოზული დავგეგმო. მე უბრალოდ არ მიყვარს დიდი დღესასწაულები, როდესაც ასობით უცხო ადამიანი მოდის. ასე რომ, დღეს, მე პატარა ოჯახური გარემო მელოდება,“- ამბობს პოლი.
სერ ჯეიმზ პოლ მაკ კარტნის 1942 წლის 18 ივნისს უოლტონის ჰოსპიტალში, ლივერპულში დაიბადა.
პოლის დედა, კათოლიკე იყო, მამა პროტესტანტი. პროფესიით დედა მერი ექთანი იყო, მამა ჯიმი კი, მეორე მსოფლიო ომის დროს მოხალისე მეხანძრედ მუშაობდა. ის უკრავდა საყვირზე და ფორტეპიანოზე და 1920 - იან წლებში უძღვებოდა ბენდს „Jim Mac's Jazz Band“. პოლის მუსიკით დაინტერესებაც სწორედ, მისი გავლენა იყო.
მეთოთხმეტე დაბადების დღეზე პოლმა მამისგან ნიკელით დაფარული საყვირი მიიღო, მაგრამ როდესაც როკ-ენ-როლი რადიო ლუქსემბურგის ეთერში პოპულარული გახდა, პოლმა იგი 15 გირვანქა სტერლინგად ნაყიდ Framus Zenith-ის აკუსტიკურ გიტარაზე გაცვალა.
პირველი სიმღერა, „I Lost My Little Girl“ მან Zenith-ზე დაკვრისას დაწერა. ამავე პერიოდში ფორტეპიანოზე შექმნა მელოდია, რომელიც შემდგომში „When I'm Sixty-Four“-ის საფუძვლად იქცა. მამის მითითების მიუხედავად, იგი მხოლოდ ფორტეპიანოს რამდენიმე გაკვეთილს დაესწრო და გადაწყვიტა, დაკვრა სმენით ესწავლა.
პოლზე დიდი გავლენა ამერიკულმა რიტმ ენდ ბლუზმა მოახდინა. იგი აღნიშნავდა, რომ სკოლის პერიოდში მისი კერპი ლიტლ რიჩარდი იყო. მისი საჯაროდ შესრულებული პირველი სიმღერა იყო „Long Tall Sally“, რომელიც ბატლინზის საზაფხულო ბანაკის ნიჭიერთა კონკურსზე შეასრულა.
15 წლის ასაკში პოლმა ჯონ ლენონი და მისი ჯგუფი The Quarrymen გაიცნო, რომელიც სკიფლის ჟანრის მუსიკას უკრავდა. პოლი მოგვიანებით ჯგუფს შეუერთდა და ლენონთან აქტიური შემოქმედებითი ურთიერთობა ჩამოაყალიბა.1958 წელს წამყვანი გიტარისტის სახით გამოჩნდა ჰარისონი. 1960 წელს, კი ჯგუფს ბას-გიტარისტის სახით, ლენონის მეგობარი, მხატვარი სტიუარტ სეტკლიფი დაემატა. 1961 წელს მან ჯგუფი დატოვა და მისი ადგილი პოლმა დაიკავა. 1960 წლის მაისისათვის კოლექტივმა რამდენიმე სახელი შეიცვალა, რომელთა შორის იყო „Johnny and the Moondogs“ და „The Silver Beetles“. 1960 წლის აგვისტოს შუა პერიოდში ჯგუფის სახელწოდება საბოლოოდ შეიცვალა და მათ The Beatles დაექვათ. ჯგუფმა თავბრუდამხვევ წარმატებას მალევე მიაღწია. ბითლზის დაშლის შემდგომ პოლმა სოლო-კარიერა დაიწყო, მოგვიანებით კი, ჩამოაყალიბა ჯგუფი Wings, რომელშიც შედიოდნენ მისი პირველი მეუღლე ლინდა ისტმენი და სიმღერების ავტორი, ვოკალისტი, დენი ლეინი.
პოლ მაკარტნი არის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი, მუსიკის სამეფო აკადემიისა და მუსიკის სამეფო კოლეჯის საპატიო წევრი, მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. პოლი ასევე არის კინო, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ავტორი. სოლო-შემსრულებლის სახით გამოცემული აქვს სიმღერების დიდი კატალოგი.
პოლი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ აღწერილია, როგორც „ყველა დროის ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი და მუსიკოსი“, რომელსაც მიღებული აქვს ოქროს სტატუსის მქონე 60 დისკი და გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი და 100 მილიონზე მეტი სინგლი. ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში იგი ითვლება სიმღერების ყველაზე წარმატებულ ავტორად. მის მიერ ბითლზისათვის დაწერილი სიმღერა „Yesterday“ 2,200- ზე მეტი შემსრულებლის მიერ იქნა ინტერპრეტირებული, რაც უფრო მეტია, ვიდრე ჩაწერილი მუსიკის ისტორიაში რომელიმე სხვა სიმღერის შემთხვევაში. Wings-ის 1977 წლის სიმღერა „Mull of Kintyre“, რომელიც ლეინთან ერთად დაიწერა, იყო ბრიტანეთის მუსიკის ისტორიაში, ერთ-ერთი, ყველაზე გაყიდვადი სინგლი. მაკ-კარტნი არის 31-ზე მეტი ისეთი სიმღერის ავტორი ან თანაავტორი, რომელიც მოხვედრილა ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ პოზიციებზე. 2012 წლისათვის აშშ-ში RIAA-ს თანახმად პოლს გაყიდული აქვს 15,5 მილიონზე მეტი ალბომი.