ხვალ,  თსუ-ში  რუსთაველის დღე აღინიშნება და   „ვეფხისტყაოსანს“  საჯაროდ  მეათედ წაიკითხავენ

ხვალ, თსუ-ში რუსთაველის დღე აღინიშნება და „ვეფხისტყაოსანს“ საჯაროდ მეათედ წაიკითხავენ

17 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო მარათონული კითხვა მოეწყობა. წელს „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის ტრადიციის მეათე წელია. საჯარო კითხვის დღეს 8 საათის განმავლობაში ყველა მსურველს საშუალება ეძლევა შოთა რუსთაველის პოემა ხმამაღლა წაიკითხოს.

„ვეფხისტყაოსნის“  საჯარო კითხვის ტრადიციას საფუძველი მწერალმა დავით ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა ჩაუყარეს. იდეის განხორციელებისკენ დავით ტურაშვილს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სერვანტესის სახალხო კითხვის დღის აღნიშვნამ უბიძგა, რომელიც ყოველწლიურად წიგნის საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს იმართება.

From.ge-სთან საუბარში ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ  წელს „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღეს, მოწვეულნი არიან და მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და  სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. წიკლაური ამ ღონისძიებაზე ყველა მსურველს ეპატიჟება.