თეა წულუკიანი: დაგვჭირდება შეტევითი ღონისძიებები, რომ სამართალდაცავები „ნაცმოძრაობის“  დარღვევებითაც დაინტერესდნენ

თეა წულუკიანი: დაგვჭირდება შეტევითი ღონისძიებები, რომ სამართალდაცავები „ნაცმოძრაობის“ დარღვევებითაც დაინტერესდნენ

 

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი მის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, თუ რა იგულისხმა ხელისუფლების წინააღმდეგ თავდაცვით და კონტრშეტევის მიმართულებებში, რომელზედაც მისი თქმით, კოალიცია მუშაობს აცხადებს, რომ თავდაცვით მიმართულებაში იმას გულისხმობს, რასაც ყოველდღე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები და კოალიციის წევრები ახორციელებენ, ხოლო კონტრშეტევის მიმართულებაში იმ ნაკლოვანებებზე მუშაობას გულისხმობს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადის.

„ჩვენ კოალიციაში სხვადასხვა საქმეებით ვართ დაკავებულნი, რომ უსაფუძვლო დაპატიმრებები, ჯარიმები და აშ. თავიდან ავიცილოთ. ანუ თავდაცვითი ღონისძიებები შედარებით ნათელია. რაც შეეხება, კონტრშეტევას  იმ ნაკლოვანებებზე მუშაობას ვგულისხმობ,  რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადის  და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ,  კანონის არაერთ დარღვევის ფაქტზე კონტროლის პალატა, სასამართლო და  სამართალდამცავი ორგანოები თვალს ხუჭავს. ამის პარალელურად კი, გამადიდებელი შუშით  „ქართული ოცნების“ ყოველდღიურ ნაბიჯს უყურებს და სადაც არაა კანონდარღვევა იქ  კანონდარღვევას პოულობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვჭირდება შეტევითი ღონისძიებები, რათა ვაიძულოთ კონტროლის პალატა და სამართალდაცავი ორგანოები „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი თავმჯდომარის მიერ,  დაშვებული დარღვევებითაც დაინტერესდნენ“, - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირველი მკაცრი პასუხი უკვე გასცა სააკაშვილსა და მის სათამაშო ინსტრუმენტს, რომელსაც მისი თქმით,  კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ჰქვია.

„მათ  ცალსახად უთხრა, რომ ამ უკანონო ჯარიმას, რომელსაც რეკეტის  ფორმა აქვს რა თქმა უნდა, არ გადაიხდის. ეს ყველაფერი დროში  გაწერილია, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობაა“, - განაცხადა წულუკიანმა.