ეკა ბესელია:  ჯარიმების განახევრებით, სასამართლომ სამართლიანობის დემონსტრირება კი არა, უკანონობა აჩვენა

ეკა ბესელია: ჯარიმების განახევრებით, სასამართლომ სამართლიანობის დემონსტრირება კი არა, უკანონობა აჩვენა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და ადვოკატი ეკა ბესელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის მიხედვითაც,  „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს  ჯარიმის ოდენობა გაუნახევრდა აცხადებს, რომ  მთავარი ამ შემთხვევაში, არა  ჯარიმის განახევრების ფაქტი არამედ, ისაა,  რომ სასამართლომ სრულიად უკანონოდ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად ცნო.

„ეს სასამართლომ  კანონის უხეში დარღვევით,  დაუსაბუთებლად გააკეთა ისე, რომ არანაირი სამართალდარღვევა ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუდენია. სამართლებრივი თვალსაზრისით, ჯარიმის შემცირება  კი არაა მთავარი,  მთავარი ისაა, სასამართლოს  სწორი გადაწყვეტილება მიეღო და  იმაზე ემსჯელა, რომ სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი  არ ჰქონია.  „გლობალის" ანტენების დაყენება მიუხედავად იმისა, რომ ეს  სხვა კომპანიის ბიზნეს საქმიანობაა ამომრჩევლის მოსყიდვა  არ შეიძლება იყოს. ინფორმაციის თავისუფლად მიღების, მოპოვების შესაძლებლობის მიცემა მოქალაქეებისათვის არა ამომრჩევლის მოსყიდვა არამედ, ხელისუფლების შიშია, რომ მოსახლეობამ არ გაიგოს სიმართლე, რასაც იმ ტელეარხების ყურების შემთხვევაში გაიგებენ, რომლებიც ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას აშუქებებენ“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებით, პრინციპული და მთავარი პრობლემა ისაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მიუკერძოებლად და ობიექტურად არ გამოაქვს.

„ამით  სასამართლომ სამართლიანობის დემონსტრირება კი არა, უკანონობა აჩვენა“, - აცხადებს ბესელია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერი, არც ამ განახევრებული ჯარიმის ოდენობის გადახდას აპირებს.

„ბატონმა ბიძინამ  განაცხადა, რომ ამ  აბსურდული ჯარიმების გადახდას არ აპირებს. რა მნიშვნელობა აქვს  საუბარი 70 მილიონზეა, უფრო მეტზე თუ ნაკლებზე, როდესაც პრინციპულად უკანონობაა, როდესაც სამართალდამრღვევად აცხადებენ ბიძინა ივანიშვილს მაშინ, როდესაც მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ჯარიმების ოდენობა გაუნახევრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ ლიდერს 126 მლნ 220 ათას 190 ლარის ნაცვლად 63 110 095 ლარის გადახდა მოუწევს. 22 მლნ 429 ათას 941 ლარის ნაცვლად კი 11 214 964 ლარისა და 65 თეთრის გადახდა.

11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე ერთ შემთხვევაში 22 მლნ 429 ათას 941 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში 126 მლნ 220 ათას 190 ლარით დააჯარიმა.