მამუკა კაციტაძე: „კარდაკარ“-ის მეორე ეტაპის ფარგლებში 900-ამდე მისამართს გადავამოწმებთ

მამუკა კაციტაძე: „კარდაკარ“-ის მეორე ეტაპის ფარგლებში 900-ამდე მისამართს გადავამოწმებთ

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია პროექტ "კარდაკარ"-ის საველე სამუშაოების ძირითადი ნაწილს კვირის ბოლოს დაასრულებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ From.ge სთან საუბარში განაცხადა, შემაჯამებელი შეხვედრა კვირას გაიმართება,  ორშაბათიდან კი პრობლემური მისამართების გადამოწმებისა და "კარდაკარ“-ის სამუშაოების საკონტროლო ღონისძიებების განხორციელების ეტაპი დაიწყება.

კაციტაძის განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემური რეგიონები კონკრეტულად არ გამოიყოფა, თუმცა აღნიშნა, რომ სიების გადამოწმების სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელება ყველა რეგიონში არის საჭირო.

„თუმცა განსაკუთრებით მაინც ალბათ თბილისზე დაისმება აქცენტი, აქ პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ კონკრეტულ მისამართზე, ამომრჩევლების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის კონცენტრირება ხდება, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს. თუმცა იგივე მდგომარეობაა ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ა.შ. საბოლოო ჯამში მთლიანად 900 მისამართამდე გვინდა გადავამოწმოთ“, - განაცხადა კაციტაძემ.

კაციტაძემ მეორე ძირითად პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგისტრატორების მხრიდან „ცოტა ზერელე“ დამოკიდებულებას უკავშირდება. მისი თქმით, ეს ზოგიერთ უბანზე საკმაოდ თვალშისაცემია.

„თვალშისაცემია რეგისტრატორების მიერ ისეთი ნამუშევარი, რომელიც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. უმჯობესი იყო, რომ მათ უფრო მეტი მოწადინებით ემუშავათ, მაგრამ  ორ კვირაში ჩვენ ამ ნაკლოვანებებსაც აღმოვფხვრით“, - აცხადებს „კარდაკარ“-ის ორგანიზატორი.

მისი თქმით, პროექტის გრაფიკი ზუსტ ვადებში და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დასძინა, რომ ამ პროექტის მეორე ნაწილში მთელი შემადგენლობა სრული მობილიზებით იქნება ჩართული.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ივნისის შუა რიცხვებამდე დავასრულებდით „კარდაკარ“-ის ძირითად ნაწილს და მერე ივნისის ბოლომდე საკონტროლო ღონისძიებებს ჩავატარებდით. ასეც ხდება. რაც შეეხება „კარდაკარ“-ის მეორე ნაწილს, მასში 3 სექტორი - ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ძალისმხევით და მობილიზებით კვლავ ჩაერთვებიან პროექტში“, - დასძინა მან.