დევნილები ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების ფულად დახმარებების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

დევნილები ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების ფულად დახმარებების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

„დევნილთა სამოქალაქო კომიტეტმა“ და „სახალხო კრების“ დევნილთა კომიტეტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პერიოდულად აგზავნიან  ფულად დახმარებებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქართველოში დევნილთა უფლებები - ჰქონდეთ ელემენტარული საარსებო პირობები, არანაირად არ უმჯობესდება და პირიქით, მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო შემოდინებულ თანხებზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს, რაც მათ საფუძვლიან ეჭვს უჩენს ამ თანხების  არამიზნობრივი ხარჯვასთან დაკავშირებით.  

„დევნილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით მათ ფულადი კომპენსაციით უკვე დააკმაყოფილეს 22000 ათასამდე ოჯახი, მაგრამ ყველასთვის გაუგებარია თუ რა კრიტერიუმით აარჩიეს ეს ოჯახები. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იყვნენ არჩეულნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

დევნილებისადმი არაადამიანური მოპყრობისა და მათი უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტიდან  „დევნილთა სამოქალაქო კომიტეტი“ და „სახალხო კრების“  დევნილთა კომიტეტი ბოლო დროს მომხდარ ფაქტზე ამახვილებს  ყურადღებას.

„საქმე ეხება ქალბატონ მერი ზიბზიბაძეს, ის დაბადებულია და ცხოვრობდა აფხაზეთში, რომელსაც იმის გამო, რომ არის მეუღლის გვარზე, მეუღლე კი არ გახლდათ დევნილი, შეუჩერეს დევნილის სტატუსი და დღემდე მას ატყუებენ სხვადასხვა დაპირებებით სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით. ამას დაემატა ისიც, რომ ქალბატონმა მერიმ, ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი, დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებული შენობის  საცხოვრებლად უვარგისი (საპიფარეშო) ოთახი გაარემონტა საკუთარი თანხებით, რაც აუდიტის შეფასებით 12 000 ლარს შეადგენს და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში ეს შენობა გადავიდა შ.პ.ს. „ინტრმედის“ საკუთრებაში, რამაც იქიდან დევნილების იძულებით  გამოსახლება გამოიწვია. კონკრეტულად ქალბატონ მერის შემთხვევაში კი,  2012 წლის 13 მაისიდან მას სახლში არ უშვებენ და რაც ყველაზე მთავარია 7 ივნისს მისი სახლში არყოფნის დროს მივიდნენ სასამართლოს აღმასრულებლები და მთელი ავეჯი ნივთებთან და ფულად დანაზოგთან ერთად პირდაპირ ქუჩაში გამოუყარეს, რამაც მათი ნაწილობრივ დაკარგვა და განადგურება გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა“ და „სახალხო კრების“ დევნილთა კომიტეტი აცხადებს, რომ  ეს ადამიანის უფლებების იგნორირება, პირადი საკუთრების ხელყოფა და დევნილის კანონით მინიჭებული უფლების უგლვებელყოფაა.

„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ექცევა საქართველოს ხელისუფლება და უშუალოდ დევნილთა და განსახლების სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს, რომელთა შვილებმა, ოჯახის წევრებმა თუ ახლობლებმა სამშობლოსთვის თავი გაწირეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე ისინი ხელისუფლებისაგან დევნილების შევიწროების შეწყვეტას მოითხოვენ.  ისინი მიიჩნევენ, რომ  აუცილებელია დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დააკმაყოფილოს დევნილი ოჯახები ალტერნატიული ფართით ან ფულადი კომპენსაციით, რაც მათ არსებობის საშუალებას შეუნარჩუნებს.