„ჩვენ პროცესებს ძალიან მშვიდად ვუყურებთ და არ გვჭირდება ხალხს, რაღაც არარეალისტურზე მოვუწოდოთ, ოღონდ მოდით მიტინგზე და სამ დღეში ეს ხელისუფლება არ იქნებათქო“, - ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა for.ge (presage.tv) – ის პრესკლუბში 17 ივნისს გურიაში „ქართული ოცნების“ აქციის გამართვასთან დაკავშირებით განაცხდა.
ბერძენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მყისიერი დაპირების გარეშე მასშტაბურ, მრავალათასიან აქციებს ატარებს.
„ამის დადასტურება იყო 27 მაისი თბილისი, 10 ივნისი ქუთაისში და ამის დასტური იქნება 17 - ში გურიაში. გურია ლიდერი ოპოზიციური რეგიონია საქართველოში. ეს საპრეზიდენტო თუ სხვა არჩევნების დროს გამოვლინდა. ვუთხარი გურულებს, რომ ახლა ამ არჩევნებზე იმერეთიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან დიდი კონკურენცია გელოდებათ-მეთქი და გურულებმა მითხრეს, გავუძლებთო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის განცხადებითვე, გურიის შემდეგ სად იქნება „ქართული ოცნების“ აქცია გადაწყვეტილი არაა, თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და აღმოსავლეთ საქართველოს დრო მოვიდა.