პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ივანიშვილი ქედის რაიონ სოფელ მახუნცეთში მოსახლეობას შეხვდა. ის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათი გადაჭრის საკუთარი ხედვა გააცნო. შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებიც ესწრებოდნენ, რომლების სკანდირებდნენ „მიშა, მიშა“. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ქედას ადგილობრივი მკვიდრები კი არა სპეციალურად ჩამოსულნი იყვნენ, რომლებსაც პროვოკაციის მოწყობა სურდათ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 3-4 მოწინააღმდეგე ყველგან გამოჩნდება და ეს პრობლემა არაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი დროებით დაბნეულნი არიან.
„ესაა ყველაფრის მაჩვენებელი, ესაა ერთი კაცის იდეოლოგია. მოვიდნენ და გაგვესაუბრონ. ჩვენ ხომ არაფრის დანგრევას არ ვაპირებთ. გვინდა ქვეყნის გამთლიანება და ქვეყნის დაბრუნება. სააკაშვილს ეს სამი კაცი ვერ გადაარჩენს. მთელი აჭარა, მთელი თბილისი, იმერეთი გურიაც ფეხზე დგას. ისეთ ხელისუფლებას მოვიყვანთ, რომელიც არ უნახავთ. ეს ბიჭები დროებით დაბნეულები არიან, ესენიც ჩვენი ხალხი, ჩვენი ბიჭები არიან. ხელისუფლება უკვე შოკშია. ყველაფერს გრძნობენ, ყველაფერს აცნობიერებენ. მე გპირდებით, რომ ჩვენ მოვიყვანთ სახალხო ხელისუფლებას, რომლის მოვალეობა მხოლოდ ხალხზე ზრუნვა იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.