ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს ხვალიდან თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს ხვალიდან თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითის განხილვა ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრებმა, არჩილ კბილაშვილმა და ზაქარია ქუცნაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბრიფინგი გამართეს.

როგორც იურისტები აცხადებენ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას დაბადებით ან ნატურალიზაციის გზით მოქალაქესა და საგამონაკლისო წესით გამხდარ მოქალაქეს შორის. ამიტომ მათი თქმით, პრეზიდენტის ბრძანება უნდა გაბათილდეს.

„თუ საქართველო აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ასეთი მოქალაქეებისთვის მოქალქეობის ჩამორთმევის აღნიშნულ წესს, მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტი მოქმედებდა როგორც არაუფლებამოსილი პირი და მის მიერ გამოცემული ბრძანება უნდა გამოცხადდეს ბათილად“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება არჩილ კბილაშვილს, მან აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა როგორც იურისტმა და როგორც პოლიტიკურმა პირმა და აღნიშნა, რომ ეს იყო როგორც არასამართლებრივი გადაწყვეტილება, ასევე პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის აღკვეთას ითვალისწინებდა.

„სასამართლო მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ საქმის განსახილველად ვადები გაიწელოს და ივანიშვილს ოქტომბერში არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეს“, - განაცხადა კბილაშვილმა.

სააპელაციო სასამართლო ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის ბრძანების კანონიერად ცნობის თაობაზე საჩივარს ხვალ, 10:00 საათზე განიხილავს.