იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის აზრით, არც ერთ მაუწყებელს მაუწყებლობასთან დაკავშირებული პრობლემა არა აქვს. აღნიშნული კომენტარი კუბლაშვილმა „გლობალ tv“-ის სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით^სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გააკეთა.
„უფრო სწორი იქნება „გლობალ ტვ“-სთან დაკავშირებით ინფორმაცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში დააზუსტოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ არც ერთ მაუწყებელს მაუწყებლობასთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ნებისმიერ ადამიანს აბსულიტურად თავისუფალი არჩევანი აქვს რომელი ტელეკომპანიისგან მიიღოს ინფორმაცია. უფრო მეტიც, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს საშუალება ნებისმიერი არხის ეთერში თავისი პოზიცია გააჟღეროს“- განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „გლობალ ტვ“- ის საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური ანტენის ჩამოხსნა მოუწევს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომპანიის უცხოელმა მეწილემ ალექსანდრე რონჟესმა განაცხადა.