ვიქტორ დოლიძე:  ივანიშვილმა მანქანის კარი, რომ გააღოს და ტროტუარზე გადავიდეს, სადაც ფეხით მოსიარულები დადიან,  იმაზეც დააჯარიმებენ

ვიქტორ დოლიძე: ივანიშვილმა მანქანის კარი, რომ გააღოს და ტროტუარზე გადავიდეს, სადაც ფეხით მოსიარულები დადიან, იმაზეც დააჯარიმებენ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის 150 მილიონ ლარამდე დაჯარიმება ხელისუფლების შიშითაა გამოწვეული.

„სააკაშვილმა ნახა, რომ მის კარზე  უკვე ბოლოჯერ აკაკუნებენ. ოქტომბრამდე ჩვენ გვინდა პოლიტიკური ჩარჩოებიდან არ ამოვარდეთ, რაც სააკაშვილს სურს.  არჩევნების გზით ერთხელ და სამუდამოდ შევცვლით  ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილი საკითხია. ეს ყველაფერი შიშითაა გამოწვეული, მაგრამ  ჩვენ მშიშარა ხალხის არ გვეშინია. ძალადობა, რეპრესია აღარ მუშაობს“, - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებითვე, „ქართული ოცნება“ მთელ საქართველოს  სიყვარულით მოედება.

„საქართველოს მოვედებით არა რევანშიზმით, ძალადობითა და იმ უბედურებით, რომლითაც  სააკაშვილი მოვიდა არამედ, სიყვარულით.  ხელისუფლებას არჩევნებით დავამარცხებთ და მერე ამ ხალხზე ზრუნვას დავიწყებთ.  „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ჩვენ ვიცით,  როგორ მოვაგვაროთ მოსახლეობის პრობლემები“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ივანიშვილმა მანქანის კარი, რომ გააღოს და ტროტუარზე გადავიდეს, სადაც ფეხით მოსიარულები დადიან,  იმაზეც დააჯარიმებენ.  

„ხელისუფლებას ბრძოლის სხვა მეთოდი არ აქვს.  მათ დემოკრატიული, ევროპული სტანდარტებით ბრძოლა არ იციან. ჰგონიათ, დავაშინებთო.  8 წელია აშინებენ ხალხს და ხალხი შიშისგანაც კი  დაიღალნენ.   მეთოდები მოუძველდათ“, - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ბიძინა ივანიშვილი მთლიანობაში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა.

საქალაქო სასამართლომ ამ თანხით ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე მიიღო.