დონალდ ტრამპის ლას-ვეგასის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა. გარდაცვლილია მძღოლი

დონალდ ტრამპის ლას-ვეგასის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა. გარდაცვლილია მძღოლი

ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და პიროტექნიკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა, - იუწყება BBC.

ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კევინ მაკმეჰილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს იყო თუ არა ეს ფაქტი აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირის Tesla-ს მფლობელ ილონ მასკის წინააღმდეგ ორგანიზებული ერთგვარი აქცია.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი თვალყურს ადევნებდა ინციდენტს. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ არსებობს თუ არა რაიმე შესაძლო კავშირი Cybertruck-ის აფეთქებასა და ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას შორის.

ილონ მასკი გამოეხმაურა ამ ფაქტს და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ეს იყო ტერაქტი.

„ბოროტმა სულელებმა ტერორისტული თავდასხმისთვის არასწორი ავტომობილი შეარჩიეს. Cybertruck-მა ფაქტობრივად შეიკავა აფეთქება და ის მაღლა მიმართა“, - დაწერა სოციალური ქსელ X-ში მასკმა და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად სასტუმროს შესასვლელის შუშის კარიც კი არ ჩამსხვრეულა.

პოლიციასთან ერთად გამოძიებაში ჩართულია გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI).