ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლად დარეგისტრირება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეეძლება

ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლად დარეგისტრირება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეეძლება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლად დარეგისტრირება - ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეეძლება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შევა.

ამ შეთანხმებას ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის წარმომადგენლებმა, დღეს, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

კომისიის ხელმძღვანელის მამუკა კაციტაძის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვადასხვა ოლქებსა და უბნებში შევა.  

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მხოლოდ მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებასთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვქონდა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი სიაში იმ მისამართებზე უნდა იყვნენ შეყვანილი, სადაც მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართებია. იურიდიული კომიტეტი დაგვეთანხმა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაციის ადგილი მხოლოდ მთაწმინდა არ იქნება“, - აღნიშნა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით ამომრჩეველთა სიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაციის ადგილად მხოლოდ მთაწმინდა იყო განსაზღვრული.

საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებით მიიღებენ.