ვერბატიმის ენით: ჩვენ ვგავართ ლტოლვილებს (VIDEO)

ვერბატიმის ენით: ჩვენ ვგავართ ლტოლვილებს (VIDEO)

დღეს, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე  გაიმართება სპექტაკლი სახელწოდებით,-  „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“ სპექტაკლის ავტორი ბრიტანელი რეჟისორი ალეკი ბლაითია.

„ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“  2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადასახლებულთა პრობლემებსა და იმედებს აღწერს. ახალგაზრდა ბრიტანელი რეჟისორი ალეკი ბლაითი გორისა და წეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვია და შთამბეჭდავი ისტორია სწორედ დევნილთა საუბრების საფუძველზე შექმნა.

ეს არის ვერბატიმი – თეატრის ინოვაციური ფორმა, რომელშიც რეჟისორი რეალური ადამიანების საუბარს იწერს, მათ შეხედულებებს, ემოციებსა და მისწრაფებებს, რომლებიც მხატვრული ფორმით მიაქვს მაყურებლამდე. რეჟისორები იწერენ ინტერვიუებსა და რედაქტირებას უკეთებენ. წარმოდგენის დროს მსახიობები ყურსასმენებით უსმენენ რედაქტირებულ ინტერვიუებს და ზუსტად იმეორებენ იმას, რაც ესმით. არა მარტო სიტყვებს, არამედ საუბრის მანერასაც კი. ეს მეთოდი მსახიობებს არ აძლევს საშუალებას საკუთარი მეტყველების მანერას მიმართონ. ამით კი იქმნება მომენტალურად მკვეთრი ხასიათი. ალეკი ბლაითი ვერბატიმის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორია მისი პირველი წარმოდგენა –„გამოდი, ილაი,“ დაჯილდოვდა ავტორიტეტული ყოველკვირეული გამოცემის „ტაიმ–აუტის“ პრიზით – „ალტერნატიული თეატრის საუკეთესო წარმოდგენა.“ მან ვერბატიმის მეთოდის გამოყენებით რამდენინმე წარმოდგენა გამართა. მათ შორისაა „კრუიზი,“ რომელიც ვნების ძიებაში მყოფ პენსიონერებზეა. მისმა ბოლო ნამუშევარმა კი „მეგობარი გოგოს თავგადასავალი“ სრულიად ახლებლურად გააშუქა პროსტიტუციის პრობლემა.

რუსთაველის თეატრმა პირველად  ვერბატიმის პრემიერას „ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!“ 2009 წლის 6 დეკემბერს უმასპინძლა. ეს წარმოდგენა იყო და არის ნაწილი რუსთაველის თეატრის, ნაციონალური თეატრისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტისა სახელწოდებით –„თეატრების პარტნიორობა“, რომელიც  BP–ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სპექტაკლში მსახიობები ედმონდ მინაშვილი, დათო დარჩია, ქეთი სვანიძე, თემიკო ჭიჭინაძე და მარინა ჯანაშია მონაწილეობენ.

„ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“ ედინბურგის Fringe ფესტივალზე კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასების მფლობელი სპექტაკლია.

გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს, სპექტაკლის ბრიტანელ რეჟისორ ალეკი ბლაითთან, რომლის ჩაწერაც 2010 წელს, ამავე სპექტაკლის („ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“) რეპეტიციაზე, რუსთაველის თეატრში მოვახერხეთ.

-რატომ აირჩიეთ სამუშაოდ აუთვისებელი სივრცე, სპექტაკლის ინოვაციური ფორმა ვერბატიმი?

-ვერბატიმი პირველად ლონდონში, მსახიობად მუშაობისას, აღმოვაჩინე. რამდენიმე „უორქშოფი“, რომელიც ამ მეთოდთან დაკავშირებით გავიარე, ჩემთვის იმდენად საინტერესო აღმმოჩნდა, რომ გადავწყვიტე ვერბატიმში არა, როგორც მსახიობს, არამედ როგორც რეჟისორს მემუშავა. ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი საშუალებაა უბრალო ადამიანების გრძნობებისა და ემოციების გადმოსაცემად.

თქვენი შემოქმედების ძირითად თემად სოციალური პრობლემები გაქვთ აღებული, საზოგადოების ის ფენა, რომელსაც ყველაზე ძალიან სტკივა და უჭირს... ამ სპექტაკლის მთავარი გმირები ქართველი დევნილები არიან, რა იყო მათში თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

-დრამატურგისთვის საინტერესო ისეთი თემებია, რომლებიც მის დრამას საინტერესოს გახდის. ეს თემა ყველა ადამიანისთვის მტკივნეულია. მე თავად მოვიარე გორისა და წეროვანის დევნილთა დასახლებები, ჩავიწერე მათი დიალოგები, ჩემი თვალით ვნახე თითოეული მათგანი, ვესაუბრე და მოვისმინე მათი პრობლემებითა და იმედებით სავსე განცდები. მათზე წარმოდგენის შესაქმნელად შესანიშნავი საშუალებაა მოვუსმინოთ მათ, ვისი ხმაც სცენიდან არასდროს გაგვიგია. მე მაინტერესებს ეს სამყარო, რომელიც ბევრს ჰგონია, რომ საინფორმაციო საშუალებებიდანაც ნაცნობია. ჩემი მიზანი, მათი იმ კუთხით ჩვენებაა, რომლის შესახებაც, აქამდე არაფერი სმენიათ.

-ქართველი მსახიობები თუ განსხვავდებიან იმ მსახიობებისგან, რომლებთანაც აქამდე გქონიათ შეხება?

-ქართველ მსახიობებთან მუშაობა ჩემთვის საინტერესო იმით იყო, რომ მათ აქამდე არ ჰქონიათ შეხება ვერბატიმთან. არასდროს უმუშავიათ ამ ჟანრში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საქმეს მშვენივრად გაართვეს თავი, კარგად ამყვნენ და ყველაფერი ზუსტად აითვისეს