ვასილ ჭყოიძე:  ნატოში გაწევრიანების პროცესია დაწყებულია და ამ პროცესზე  მონიტორინგი  ხორციელდება

ვასილ ჭყოიძე: ნატოში გაწევრიანების პროცესია დაწყებულია და ამ პროცესზე მონიტორინგი ხორციელდება

„ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ  საქართველოს, როგორც ნატოს მომავალ წევრს ისე განიხილავენ და ის ზოგადი განცხადება, რომ საქართველო ოდესღაც გახდება  ნატოს წევრი წარსულს ჩაბარდა“,  - ამის შესახებ  ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა  ვასილ ჭყოიძემ,  საქართველოში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის,  ჯეიმს აპატურაის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ჭყოიძის განცხადებით, ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი მითუმეტეს, ჩიკაგოში ნატოს სამიტის შემდეგ, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, ასეთი  ვიზიტები  უკვე ინტენსიური ხასიათს იღებს. კონკრეტულად, ნატოში გაწევრიანების პროცესია დაწყებული და შესაბამისად, ახლა  ამ პროცესზე მიდის საუბარი, ამ პროცესის შეფასება და ამ პროცესზე  მონიტორინგის განხორციელება ხდება“, - განაცხადა ჭყოიძემ.

აპატურაის მიერ, საქართველოში მომავალ არჩევნებისადმი ხაზგასმას, დემოკრატიულ და გამჭირვალე არჩევნებს,   ნატოში გაწევრიანების აუცილებელ კომპონენტს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს, ევროკავშირის მოთხოვნებს ძალიან წააგავს.

„ნატო არაა ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ თავდაცვის, უსაფრთხოების და სამხედრო სექტორში მოითხოვს რეფორმებს. ნატო თავის შემადგენლობაში იღებს ისეთ სახელმწიფოებს, სადაც გარკვეულ დონეზე განვითარებულია დემოკრატიული ინსტიტუტები და ბუნებრივია, ამ კომპონენტზე არჩევნებს ექცევა ყურადღება ისე,  როგორც  ყველა სხვა კომპონენტს“, - განაცხადა ჭყოიძემ.