ივანიშვილის მიერ სახელმწიფო დაზღვევისა და სოფლის მეურნეობის შესახებ გაკეთებული განცხადება  საარჩევნო კამპანიისთვის არ იყო გაკეთებული

ივანიშვილის მიერ სახელმწიფო დაზღვევისა და სოფლის მეურნეობის შესახებ გაკეთებული განცხადება საარჩევნო კამპანიისთვის არ იყო გაკეთებული

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების დაზღვევის, სოფლის მეურნეობის გასავითარებლად ერთ მილიარდიანი ფონდისა და ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კადრების მოსამზადებლად, რეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არ იყო საარჩევნო კამპანიისთვის გაკეთებული განცხადებები.  

„სიდუხჭირეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი სოფლადაც და ქალაქადაც გაღატაკების პირას არიან მისულები, მათთვის დახურულია ჯანდაცვის სფერო, არადა მოსახლეობაზე ზრუნვა  ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. ივანიშვილის განცხადება სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქალაქეების დაზღვევის შესახებ არ არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, ეს რეალური განაცხადია, ადამიანების გარეშე ხომ სახელმწიფო ვერ აშენდება. ის, რომ ადამიანს, რომელსაც აპენდიციტის ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და საავადმყოფოში ვერ წვება იმიტომ, რომ არც დაზღვევა აქვს და არც საკმარისი თანხა, დანაშაულია.

მეორე საკითხი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აქციაზე გამოსვლისას შეეხო, სოფლის მეურნეობაა, რომელიც თავისთავად უმნიშვნელოვანესი სფეროა და რომელიც სასწრაფოდ ფეხზე უნდა დადგეს. ყველა ქვეყანაში, გარდა ბიუჯეტში ასახული პროგრამებისა, არსებობს სპეციალური სოფლის მეურნეობის განვითრების ფონდები, რომლიდანაც თანხები სოფლის მეურნეობაში მიდის  და რომელიც ჩვენთანაც რაციონალურად იქნება გამოყენებული. მე უბრალოდ არ დავასწრებ ბატონ ბიძინას და არ გავაკეთებ წინასწარ განცხადებებს,რა სოლიდური თანხებიც გავა ამ ფონდიდან სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. არის კიდევ  მესამე მიმართულება-კერძო სექტორის დაზღვევის, წახალისების შესახებ, ერთი სიტყვით, კერძო სექტორს სერიოზული შეღავათები ექნება. გუშინ რაც გაცხადდა ქუთაისის აქციაზე არ იყო ნათქვამი საარჩევნო კამპანიისთვის, ეს არის ანი-ბანი იმისა, რომ  ჩვენ ელემენტარული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე“,- აღნიშნავს გიორხელძე.

რაც შეეხება ივანიშვილის კიდევ ერთ განცხადებას ქუთაისში საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების შესახებ , რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოებისათვის, „ქართული ოცნების“  ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატურ ჯგუფის ხელმძღვანელს დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიური  უნივერსიტეტი იქნება პირველი მერცხალი იმ  ძალიან სერიოზული გარდაქმნისა განათლების სფეროში,  რომელსაც ჩვენ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობასთან ერთად, სახელმწიფოს უპირველეს პრიორიტეტად  ვთვლით.

„საქართველოს ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ხელისუფლება საუბრობს, რომ მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობა 10-12, ზოგიერთის განცხადებით 15%-ითაც უნდა გაიზარდოს, თუმცა 10 და 15%-ით გაზრდაც მიზერული იქნება. ჩვენ კოალიციაში გვაქვს დამუშავებული კონცეფცია, რომელსაც „ქვეყნის განვითარების ინოვაციური კონცეფცია“ ვუწოდეთ. ეს კონცეფცია ექსპერტიზას გადის დასავლეთის გამოცდილ სპეციალისტებთან, ჩვენ ინოვაციური განვითარების ახალი ფაქტორების იმედი გვაქვს და ეს ფაქტორები რეალურად არსებობს. ადამიანი ინოვაციურად რომ აზროვნებდეს, მას კარგი განათლება უნდა ჰქონდეს. ტექნოლოგიური  უნივერსიტეტი იქნება პირველი მერცხალი იმ  ძალიან სერიოზული გარდაქმნისა განათლების სფეროში,  რომელსაც ჩვენ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობასთან ერთად, სახელმწიფოს უპირველეს პრიორიტეტად  ვთვლით. ჩვენ ახალგაზრდებს შეეძლებათ სუპერთანამედროვე  განათლება მიიღონ ტექნოლოგიურ სპეციალობებში“,-აცხადებს ექსპერტი.