„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონები ქუთაისისკენ იმერეთის უკვე ყველა რაიონიდან მიემართებიან

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონები ქუთაისისკენ იმერეთის უკვე ყველა რაიონიდან მიემართებიან

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონები ქუთაისისკენ იმერეთის უკვე ყველა რაიონიდან მიემართებიან. თითოეულ კოლონას კოალიციის ლიდერი ახლავს. ბოლო ინფორმაციით, ქუთაისისკენ უკვე დაიძრა კოლონა საჩხერიდან, რომელიც  5 ასეულამდე ავტომანქანისა და მიკროავტობუსისგან შედგება. საჩხერის კოლონასთან ერთად ქუთაისისკენ მიემართება პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე,  ასევე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია.

15:00 საათზე დაიძრა ორიათასკაციანი კოლონა სამტრედიიდან, კახი კალაძესთან ერთად.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურში ჯერ არ აკონკრეტებენ, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ქუთაისში ჩავა, თუ რომელიმე კოლონასთან ერთად შევა ქალაქში. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მას ამჯერად მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში ტრიბუნასთან ზუსტად 18.00 საათზე იქნება და ხალხს სიტყვით მიმართავს.

შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნების“  მანიფესტაცია ქუთაისში დღეს, 18.00 საათისთვის არის დაგეგმილი. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვანის მოედანზე, ე.წ. ას საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

აქციისთვის მზადება დილის 5 საათზე დაიწყო, ე.წ. ას საფეხურიანი კიბის წინ მდებარე მოედანზე სცენა დამონტაჟდა. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა აქციაზე მისული მხარდამჭერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს გამომსვლელთა მოსმენა და სცენისთვის თვალყურის დევნება.

მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს კოალიციის ლიდერებიც ადევნებენ თვალს, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ დღევანდელი მანიფესტაცია მშვიდობიან ვითარებაში ჩაივლის. “ქართული ოცნება“ აქციაზე, იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან ათეულ ათასობით მხარდამჭერს ელოდება.