ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტზე საუბრისას.
მისივე განმარტებით, მსგავსი ლობიზმით შეფუთული რეზოლუციებისა და აგენტურისადმი ქართველი ხალხის უმრავლესობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს.
„ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ეს ყველაფერი ლობიზმითაა შეფუთული. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ. ამ ადამიანებს, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, საზოგადოებაში უმრავლესობას მათ მიმართ და მათი თანაგუნდელების მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება, რასაც იმსახურებენ. აგენტებს და უცხო ქვეყნის წარმომადგემნლებს მსახურებს ყოველთვის შესაბამისი დამოკიდებულება ექნება ხალხის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური პირები, საკმაოდ მრავლადაა, თუმცა შეიცვლება ყველაფერი და ისეთ ევროპას მივიღებთ, რომლისკენაც ვისწრაფვით ოდითგანვე. და არა ისეთს, როგორიც დღესაა, დაფუძნებული ტყუილზე, ცილისწამებაზე. ეს არის ზუსტად განსხვავება ჩვენსა და რადიკალებს შორის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის დავალებას ვასრულებთ. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მნიშვნელოვანი. რადიკალების ამოსავალი წერტილია, რას უბრძანებენ გარედან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში საგარეო კომიტეტზე განიხილეს. ბრიუსელში იმყოფებიან ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ და აქტივისტები. ყველა ერთად კი ჰუმანიტარული მიზნებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.