ლიზა მთვარელაშვილი: თქვენ ოჯახში სიმინდი გაქვთ და დახმარება არ გეკუთვნითო

ლიზა მთვარელაშვილი: თქვენ ოჯახში სიმინდი გაქვთ და დახმარება არ გეკუთვნითო

„თავისუფალი საქართველოს“ გურჯაანის ორგანიზაცია 83 წლის უმწეო მოხუცებისთვის სოციალური დახმარების დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს.

პარტიის წარმომადგენლის, გიორგი ქოროღლიშვილის ინფორმაციით, სოფელ გურჯაანში მცხოვრები 83 წლის გიორგი და ლიზა მთვარელაშვილები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზაში 2006  წლიდან იყვნენ დარეგისტრირებულები. მისი თქმით, 2011წლის დეკემბერში, თელავის სოციალური სააგენტოს მიერ ხელმეორედ იქნა გადამოწმებული მათი ოჯახი, რის შემდგომ მათ დახმარება  მოეხსნათ.

ოჯახი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ლიზა მთვარელაშვილი არის მხედველობადაქვეითებული და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

 „როდესაც მოვიდნენ სააგენტოს თანამშრომლები, მათ წარვუდგინე ფორმა 100, მაგრამ ასე მითხრეს თქვენ ოჯახში სიმინდი გაქვთ და დახმარება არ გეკუთვნითო. რაც შეეხება ჩვენს პენსიას, ის წამლის ფულადაც არ გვყოფნის.“ - აცხადებს ლიზა მთვარელაშვილი.

 „თავისუფალი საქართველო“- ს გურჯაანის ორგანიზაციას მიაჩნია, რომ გურჯაანის სოციალური სააგენტო არაობიექტურად მუშაობს და მისი თნამშრომლები გულგრილად ეკიდებიან სოციალურად დაუცველ ფენას.

პარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ აღუდგეს დახმარება უმწეო მოხუცებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გურჯაანის სოციალური სააგენტოს წინ საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ სააგენტოს უფროსის, ლეილა მურაკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.