მიხეილ სააკაშვილი:  უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა ყველაზე, ყველა მშენებლობის ხელმძღვანელზე

მიხეილ სააკაშვილი: უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა ყველაზე, ყველა მშენებლობის ხელმძღვანელზე

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე ერთი ადამიანის დაღუპვა დაადასტურა და განაცხადა, რომ  პასუხისმგებელი პირები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

„დღეს და გუშინ მშენებლობებზე ორი უბედური შემთხვევა მოხდა.  ერთი თბილისში, არამიანცის  პირველ კლინიკური საავამყოფოში მშენებლობაზე ღამე ჩამოინგრა შენობა და ერთი ადამიანი დაიღუპა და დღეს,  ქუთაისში პარლამენტის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობაზე ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად,  სამწუხაროდ,  ერთი ადამიანი დაიღუპა.  ეს საკითხები ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ ერთის მხრივ, საქართველოს ისტორიაში ამხელა მასშტაბის მშენებლობა, როგორც კეთდება ამ წლებში არ ყოფილა  და გაკეთდება შემდგომი 3,  4,  5 წელი. თან ეს ხდება ამდენი წლის  არაფრის კეთების,  უმუშევრობის,  დეკვალიფიკაციის ფონზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველაფერს ფრთხილად ეკიდება. შესაბამისად,  „ყოველდღე ვურეკავდი რამაზ ნიკოლეიშვილს, არა იმიტომ რომ მეშინოდა ვერ დაამთავრებდნენ,  ზუსტად ვიცოდი დაამთავრებდნენ ,არამედ იმიტომ, რომ ყოველდღე ვეუბნებოდი რამაზ,  შეხედე უსაფრთხოების წესებს. იქ რამაზი დაადგა თავზე, მაგრამ რამაზი ას ნაჭრად ვერ გაიჭრება. უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა ყველაზე, ყველა მშენებლობის ხელმძღვანელზე, რათა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებოდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.