ივანიშვილს ამომრჩევლად დარეგისტრირება თბილისში, მთაწმინდაზე შეუძლია

ივანიშვილს ამომრჩევლად დარეგისტრირება თბილისში, მთაწმინდაზე შეუძლია

„ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლად დარეგისტრირება თბილისში, მთაწმინდაზე მოუწევს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში” შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მოხდა.

“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტით  დგინდება, რომ ამომრჩეველთა სიების უზრუნველყოფის კომისიას უფლება აქვს,  საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 5 წელია საქართველოში ცხოვრობენ, საარჩევნოდ პირველ საარჩევნო ოლქში დაარეგისტრიროს.

პირველი საარჩევნო ოლქი კი თბილისში დედაქალაქში მთაწმინდის რაიონშია.

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, 2014 წლის პირველ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მოქალაქეობა.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები  აკაკი მინაშვილი და პავლე კუბლაშვილია.