კომუნიკაციების ეროვნული კომისია: მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი რიგი კომპანიები სალიცენზიო პირობებს არღვევენ

კომუნიკაციების ეროვნული კომისია: მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი რიგი კომპანიები სალიცენზიო პირობებს არღვევენ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „სტერეო+“–ის დირექტორის დავით ზილფიმიანის შეტყობინებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „from.ge“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გუშინ გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „სტერეო+“–ის დირექტორის და დამფუძნებელის, დავით ზილფიმიანის შეტყობინება დაფიქსირდა. დავით ზილფიმიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი რიგი კომპანიები არღვევენ სალიცენზიო პირობებს და მათი გავრცელების გეოგრაფიული არეალი სცდება სალიცენზიო პირობებით განსაზღვრულ დაფარვის ზონას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოუწოდებს ყველა სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიას, სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანოს სიგნალის გავრცელების გეოგრაფიული არეალი. ასევე, კომისია მზადაა, ხელშეშლების დაფიქსირების შემთხვევაში ტექნიკური დახმარება გაუწიოს ყველა მსურველ სამაუწყებლო კომპანიას.

ამასთან, კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იტოვებს მონიტორინგის ჩატარების და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.