"ქართული ოცნება" ხელისუფლებას პოლიტიკურ პროვოკაციებში ადანაშაულებს

 „ჩვენ მოსახლეობას მართლაც ვპირდებით ქართული ოცნების ასრულებას, მაგრამ არა არჩევნებამდე საჩუქრების დარიგებით, არამედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებით, სიღარიბის დაძლევით, სოციალური პრობლემების მოგვარებით და დასაქმებით“, -  ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს, კონტროლის პალატის მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ფანჯიკიძის თქმით, ამ პროვოკაციაში რამდენიმე პირი მონაწილეობს, რომლებიც რეპრესიული ღონისძიებების საბაბს ეძებენ და ამისთვის დაჟინებით გაიძახიან, რომ კოალიცია მოქალაქეებს არჩევნებამდე 1000 ლარამდე ღირებულების საოჯახო ტექნიკის შეძენას ჰპირდება.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გუშინ 9 საათიან „კურიერში“ გასულ სიუჟეტს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, კონტროლის პალატისა და „რუსთავი 2-ის“ მიერ დაგეგმილ პროვოკაციად განიხილავს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ამ ბინძურ ოპერაციას კოალიციის საქმიანობასა და გეგმებთან საერთო არაფერი აქვს.

 „ამ პროვოკაციაში მონაწილე რამდენიმე პირი კოალიციის მიმართ მორიგი რეპრესიული ღონისძიების საბაბის შესაქმენლად შესაშური გულმოდგინებით იმეორებდა დაზეპირებულ ფრაზებს, იმის შესახებ, რომ თითქოს კოალიცია „ქართული ოცნება“, მოქალაქეებს ჰპირდება არჩევნებამდე 1000 ლარამდე ღირებულების საოჯახო ტექნიკის შეძენას. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი ბინძური ოპერაცია“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, კოალიცია ემიჯნება ყველას, ვინც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და მოუწოდებს ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს, თავი დაანებონ პოლიტიკურ პროვოკაციებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მოტყუების, გადაბირების ან შეშინების გზით.

დღესვე ბრიფინგზე კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, თინა ხიდაშელიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონტროლის პალატამ თავისი მყისიერი განცხადებით დღესაც დაადასტურა, რომ ოპერაცია უშუალოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის მიმართული.

"მაინტერესებს არის თუ არა ეს კანონდარღვევა?! სამწუხაროა, როცა სახელმწიფო რეპრესიის განმახორციელებელი მანქანის თანამონაწილე ოფიციალურად ხდება’’, - განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, დღეს კონტროლის პალატამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის „ქართული ოცნებას“ 5 ივნისს, ბუკლეტების დარიგების დროს  მხარდაჭერის სანაცვლოდ, ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.