ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტებით თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს

ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტებით თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღების შესაძლებლობას თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს.

„როდესაც ყველაფერი კონტროლდება ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფებისა და რუსი ჯარისკაცების მიერ, ძალიან ძნელია, რომ ადამიანებს სურვილის შემთხვევაშიც კი გმირობა და ასეთი დოკუმენტის აღება მოსთხოვო. ამ დოკუმენტის აღებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ,მათი ოჯახის წევრებს იმ რეჟიმის პირობებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. მე არ ველოდები, რომ ხვალიდან უცებ ფართო მასშტაბიანი გარღვევა მოხდება , მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და შესაძლებლობა“, – აღნიშნა ბაქრაძემ და დაამატა, რომ ვერანაირად ვერ შეაჩერებ ადამიანების სურვილს უკეთესად იცხოვრონ.

პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის რეაქციაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ინიციატივაში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაახმოვანა არაფერი არ არის ანტირუსული.

„ნამდვილად არაფერია ანტირუსული იმაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მიეცემათ ნორმალურად მოგზაურობის, საზღვარგარეთ წასვლის, განათლების მიღების საშუალება, რომ მათ ნახონ რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო. ეს არის ყველაფერი ის, რასაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება რუსეთი და ამიტომ იყო მათი მხრიდან ასეთი გამწვავებული რეაქცია“, – აღნიშნა ბაქრაძემ.  

მისივე თქმით, რუსეთმა ძალადობრივი და უკანონო გზით დაარიგა საკუთარი პასპორტები ამ ტერიტორიაზე და დღემდე აგრძელებს მის ოკუპაციას.

„რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს რუსეთი საერთაშორისო აზრს, მით უფრო ღრმა ჩიხში შედის ეს ქვეყანა. იმის გამო, რომ დიდი ქვეყანაა მას შეუძლია რაღაც პერიოდი ჩიხში იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მასზე დიდი ქვეყნებიც კი ასეთ ჩიხში ყოფნას ვერ უძლებნდნენ. ამის მაგალითია თუნდაც საბჭოთა კავშირი, რომელიც ზუსტად ასე ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო აზრს აღმოსავლეთ ევროპასთან, აღმოსავლეთ გერმანიასთან, ბალტიისპირეთთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბაქრაძემ და დაამატა, რომ დღეს რუსეთი საკუთარი პოზიციით ჩიხში შევიდა და მათ ადგილზე ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძებნაზე იფიქრებდა და არა ამ ჩიხში კიდევ უფრო ღრმად შესვლაზე.