რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სხვადასხვა  სახელმწიფოებთან  ეფექტურად მუშაობს

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სხვადასხვა სახელმწიფოებთან ეფექტურად მუშაობს

კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აფხაზური მხარისადმი ანტიგუასა და ბარბუდას დაპირება გააგრძელონ დამოუკიდებლობის აღიარებაზე დიალოგი ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სხვადასხვა სახელმწიფოებთან ძალიან ეფექტურად მუშაობს.
ზაქარეიშვილის განცხადებით, გამორიცხული არაა პატარა სახელმწიფოები დიდი სახელმწიფოებისთვის ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების განმსაზღვრელნი გახდნენ, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ამ ტერიტორიების აღიარება მოახდინონ.
„რუსეთი მუშაობს არა ისე, რომ ყველა სახელმწიფომ ერთბაშად აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არამედ, ცდილობენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თემა რეგულარულად და მუდმივად აწეული იყოს. მოლაპარაკების დაწყება, მოლაპარაკების დასრულება ეს ყველაფერი თავიდანვე პოლიტიკურ სარჩულს, მუდმივ ხმაურს იწვევს და მუდმივად ყურადღებას იპყრობს. არა გამორიცხული კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს იმ დიდ ტრაგედიას ვერაფრით ვეღარ დაამძიმებს, რასაც რუსეთის მიერ, ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ჰქვია. ესაა ყველაზე რთული საკითხი, თორემ ევროკავშირი და ევროკავშირის ქვეყნები აშკარად ჩანს არ აღიარებენ, მაგრამ წვრილ-წვრილი სახელმწიფოები, სადაც ფული, იარაღი და რუსეთის დახმარება სჭირდებათ, ჩათვლიან საჭიროდ დაუშვან ასეთი აღიარება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის განცხადებით, რაც უფრო მალე დავიწყებთ აფხაზეთან და ოსებთან საუბარს, ეს პროცესი მით უფრო შეგვიძლია მინიმუმადე დავიყვანოთ, ხოლო თუ პირიქით, ზურგს შევაქცევთ, გავბრაზდით, ჯიუტად მივუდექით და დაველოდებით, როდის მოახდენს რუსეთი დეოკუპაციას და დეიზოლაციას, ზაქარეიშვილის თქმით, თუ ჩვენ რაიმე ნაბიჯები არ გადავდგით, რუსეთი ამას თავისი ნებით არასდროს დაუშვებს.
„ის რომ ხუთი ექვსი წლის შემდეგ ბევრმა სახელმწიფომ დაიწყოს ამ ტერიტორიების აღიარება ეს სამწუხაროდ, უკვე რეალურია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, კოსოვოს მაგალითი გავიხსენოთ, სადაც ყველაფერი მკვდარი წერტილიდან დაიძრა.
რაც შეეხება, სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ შესაძლოა სერბეთის პარლამენტმა სამხეთ ოსეთის დ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს გადახედოს, ზაქარეიშვილის განცხადებით სერბეთისგან საფრთხე ნაკლებად არსებობს.
კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ამით სერბეთი ევროკავშირზე სპეკულირებს.
„სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობს, მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ აინტერესებს, მას კოსოვოს პრობლემები აქვს. ლაპარაკობს რა, აფხაზეთზე გულისხმობს კოსოვოს. მისთვის მნიშვნელოვანია კოსოვოს ზემოქმედება და არა აფხაზეთის აღიარება ან არ აღიარება. ამიტომ სერბეთი ამით ევროკავშირზე სპეკულირებს და პედალირებს, რომ იცოდეთ, კოსოვოს მიმართ, ჩემს სასარგებლო ნაბიჯებს თუ არ გადმოდგამთ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების ბერკეტი მაქვსო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ყველაზე საშინელი ვარიანტის წარმოდგენის შემთხვევაშიც, კონფლიქტოლოგის განცხადებით, ეს სერბეთის წინააღმდეგ პროცესებს შეუწყობს ხელს.
„ამ შემთხვევაში, კოსოვოს დამოუკიდებლობას საქართველოც აღიარებს და ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფოებიც“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ „ ახლა სერბეთს ამაზე სპეკულირება, ამაზე ტემტერატურის აწევა აწყობს, მაგრამ არ აწყობს ამაზე გადაწყვეტილების მიღება“.