ფესტივალი „ოქროს პეპელა“ დღეს გაიხსნება

ფესტივალი „ოქროს პეპელა“ დღეს გაიხსნება

 დღეს, „ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში ფესტივალ „ოქროს პეპელას“ საკონკურსო ფილმების ჩვენება გაიხსნება. ფესტივალის პროგრამა, საკონკურსო და არასაკონკურსო მიმართულებით მოიცავს მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების კონკურსს.

ფესტივალი2011 წლის პირველ ივნისს დაარსდა, თბილისში , „ევროპული სკოლის“ სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე. წლევანდელი „ოქროს პეპელა“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის 10 ნომინაციაში გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ფილმები წინასწარ შერჩევიან ნომინაციებში: სცენარი, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი, მსახიობი გოგონა, მსახიობი ვაჟი, ეპიზოდური როლი, მუსიკა, გრაფიკა და ანიმაცია.

გამარჯვებული დიპლომითა და გრან პრით დაჯილდოვდება. დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ აგრეთვე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ფილმებს.

ფესტივალის დირექცია სპეციალური პრიზებით არასაკონკურსო პროგრამაში მონაწილე ფილმებსაც აჯილდოებს.

ფესტივალის ფარგლებში, ხვალ, არასაკონკურსო ფილმების ჩვენება, მასტერკლასი და უორკშოპი გაიმართება. ხოლო ფესტივალი პირველ  ივნისს საზეიმოდ დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.