პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებები ძალიან გამჭირვალე და დიპლომატიისთვის საკმაოდ გულწრფელია.
ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოსგან მთელი მსოფლიო გამჭირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს ელოდება.
„ჩვენ არ გვახსოვს არც ამერიკის შეერთებული შტატების და არც რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი, რომელიც ასე აქტიურად და ასე პოზიტიურად მონაწილეობდეს საქართველოს ხელისუფლების გაუმჯობესების მცდელობებში. საქართველოსგან მთელი მსოფლიო გამჭირვალე არჩევნებს ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გამჭირვალე არჩევნები ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას, მთელ ქართველ ხალხს გარკვეული მომენტი ექნება. ეს აქამდეც სრულიად გარკვეული იყო, მაგრამ ბასის განცხადებებით ეს დადასტურდა“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის განცხადებითვე, სრულიად ნათელია, რომ ამერიკა ისევე როგორც მთელი მსოფლიო საქართველოსგან და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებისგან არამხოლოდ გამჭირვალე არჩევნებს არამედ, გამჭირვალე წინასაარჩევნო გარემოს მოელის.
„თუნდაც ახლა როგორ მუშაობენ ქართული ტელევიზიები. არ არის არანაირი დებატი. „რუსთავი2“ და „იმედი“ არ ფიქრობს, რომ საქართველოში არჩევნებია. ეს პოლიტიკური თვალსაზრისით თავის მომჭრელია და რა თქმა უნდა, არც ამერიკის ელჩს დაემალა. მე ჩემი ჩათვლით, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში არც კი გაელვებულა „იმედის“ ან „რუსთავი 2“-ის ეთერში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ამერიკა და მსოფლიო საქართველოს უყურებს და დემოკრატიულ ცვლილებებს ელოდება.
„საქართველში მიმდინარეობს შეტევა ოპოზიციაზე. არსებობს ორგანო კონტროლის პალატა, რომლის ამოცანაა თავს დაესხას და აუკრძალოს მოღვაწეობა ოპოზიციას. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მილიონობითი უკანონო ხარჯი არ აინტერესებთ. ისინი დაინტერესებულნი არიან როგორ გაბედა ვიღაც მოქალაქემ და კანონის მიხედვით როგორ გააკეთა შემოწირულობა რომელიმე პარტიაში. „ნაციონალური მოძრაობა“ მასწავლებლებს რესტორნებში, რომ ეპატიჟება ამას ვერ ხედავს ლევან ბეჟაშვილი, იურისტი კაცი“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი საქართველოში არსებული ვითარების სწორ შეფასებებში აშშ-სადმი მადლიერებას გამოხატავს და აცხადებს, რომ კონტროლის პალატის ამ უსაქციელობას არ უმალავენ არც თავიანთ ქვეყანას და არც საქართველოს.
„ბასის განცხადებები, რომ მიმდინარეობს შეტევა ოპოზიციაზე სიმართლეა და ეს სიმართლე არ დაიმალა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის ეს შეფასებები მტკივნეული აღმოჩნდება, მაგრამ „ისინი ან წაუყრუებენ ან იტყვიან, რომ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ თვითონ ვწყვეტთ საკითხებსო“,- განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ჯონ ბასის განცხადებები ვიდრე, ისეთი უპასუხიმგებლო პოლიტიკანების საუბარი, როგორიც საქართველოს პარლამენტის შემადგენლობის თითქმის 100% -ია, ერთი - ორი ოპოზიციონერის გამოკლებით.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თავის ვიდეო მიმართვაში საუბრობს, რომ შეერთებულ შტატებს კვლავ მიაჩნია, რომ უფრო მტკიცე ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად შესაძლებელ კონკურეტულ გარემოს მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
ბასის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე თუ რა მოხდება არჩევნების დღეს, არამედ ასევე არჩევნების წინა თვეებში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.
აშშ-ის ელჩი საქართველოში ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროვების შესახებ ინფორმაციას იღებს.