პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობას შუშები არ ჩამოვარდნია. ჟურნალისტებთან საუბარში მაჭავარიანმა განაცხადა, რომ შუშების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მშენებლებმა არ დაუდასტურეს.
მაჭავარიანი ერთ–ერთ ჟურნალისტს ეხუმრა, რომ ქუთაისის პარლამენტში ყოველი შემთხვევისთვის „კასკა“ წაიღოს.
„ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება 26 მაისს, ქუთაისში დაგეგმილ საზეიმო სხდომას, დეპუტატებს პრეზიდენტი მიმართავს. ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით უკვე მიმართა.
„ჩვენი გეგმით, 17:00 საათზე პარლამენტი საზეიმო სხდომაზე შეიკრიბება. სხდომაზე სტუმრები, მათ შორის ელჩები, საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან მოწვეული. სხდომის შემდეგ, 18:00 საათზე ქუთაისში სამხედრო აღლუმი გაიმართება,“ – განმარტა მიხეილ მაჭავარიანმა.
მანამდე კი, როგორც მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, პრეზიდენტი თბილისში ქართული მრეწველობის აღლუმზე დასწრებას გეგმავს.
პირველი ვიცე–სპიკერის თქმით, ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც მშენებლებთან შეთანხმებული იყო.
მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ გრაფიკის მიხედვით, 26 მაისს სხდომათა დარბაზი და შემოსასვლელი იქნება მზად. როგორც მაჭავარიანი ამბობს, სხდომის შემდეგ მშენებლობა გაგრძელდება, მისი დასრულება სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.