დავით დარჩიაშვილი: რუსეთს თუ არ აგრძნობინე, რომ აგრესორია ვერასოდეს ვერანაირ ცვლილებას  ვერ მიაღწევს

დავით დარჩიაშვილი: რუსეთს თუ არ აგრძნობინე, რომ აგრესორია ვერასოდეს ვერანაირ ცვლილებას ვერ მიაღწევს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, დავით დარჩიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადების შეფასებისას, რომ „ნატო-მ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან დასკვნები ვერ გააკეთა“ აცხადებს, რომ რუსეთის რეაქცია აჩვენებს, რომ  ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილება  ძალიან ზუსტი და დროული იყო.

„რუსეთს პრინციპული ენით თუ არ ესაუბრე და თუ არ აგრძნობინე, რომ ის აგრესორია ვერასოდეს ვერანაირ ცვლილებას ვერ მიაღწევ. მათი ასეთი მდგომარეობა და ასეთი განცხადებები  აჩვენებს, რომ თავს კარგ მდგომარეობაში არ გრძნობენ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილი შეკითხვის პასუხად, რამდენად საფრთხის შემცველია რუსეთის საგარეო უწყების განცხადება იმის გათვალისწინებით, რომ ბუქარესტის სამიტს აგვისტოს ომი მოჰყვა, მოსალოდნელია თუ არა იგივე სცენარის განმეორება, თუნდაც „კავკასია 2012 ის ფონზეც“, დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ახალი შემოსევის საფრთხე ძალიან დაბალი ალბათობითაა შესაძლებელი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ის, რომ პროვოკაციებს შეეცდებიან ამაში  ახალი არაფერია.

„პროვაკაციებისადმი მოსალოდნელობა ყოველთვის მაღალი იყო. ამას მგონი, შეგუებულები ვართ. უბრალოდ, საჭიროა სიფრთხილე, როგორც საზოგადოების ისე პოლიტიკური სპექტრის, დიპლომატების აქტიურობა და სამართალდამცველების რა თქმა უნდა, მზაობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით ნატო-ს გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს და თვლის, რომ ალიანსმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან დასკვნები ვერ გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მწუხარებით და შეშფოთებით აღიქვამს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ადრე გაჟღერებული პოზიციების ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე დადასტურებას და მოწოდებას რუსეთს მიმართ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას გადახედოს.